არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ნაწილი 5

როგორ შევინარჩუნოთ კარგი ურთიერთობა ნათესავებთან

როგორ შევინარჩუნოთ კარგი ურთიერთობა ნათესავებთან

„შეიმოსეთ . . . სიკეთით, თავმდაბლობით, რბილი ხასიათითა და სულგრძელობით“ (კოლოსელები 3:12).

ქორწინებით საფუძველი ეყრება ახალ ოჯახს. მართალია, მშობლები ჩვენთვის ძვირფასი და საყვარელი ადამიანები არიან, მაგრამ დაქორწინების შემდეგ ყველაზე მთავარი ჩვენთვის მეუღლე უნდა გახდეს. ამ აზრთან შეგუება შეიძლება თქვენს ზოგიერთ ნათესავს გაუჭირდეს. მაგრამ ბიბლიური პრინციპების დახმარებით შეძლებთ, ნათესავებთანაც შეინარჩუნოთ მშვიდობიანი ურთიერთობა და ახლად შექმნილ ოჯახსაც განამტკიცებთ.

1. სწორი დამოკიდებულება ოჯახის წევრების მიმართ

ბიბლიის თვალსაზრისი: „პატივი ეცი მამას და დედას“ (ეფესოელები 6:2). რამდენი წლისაც არ უნდა იყოთ, ყოველთვის პატივი უნდა სცეთ თქვენს მშობლებს. გაითვალისწინეთ, რომ თქვენს მეუღლესაც აკისრია თავის მშობლებზე ზრუნვის პასუხისმგებლობა. როგორც ბიბლია ამბობს, „სიყვარული არ ეჭვიანობს“. ამიტომ ნუ გაღიზიანდებით, თუ თქვენი მეუღლე დროს უთმობს თავის მშობლებს (1 კორინთელები 13:4, სქოლიო; გალატელები 5:26).

როგორ უნდა მოიქცეთ:

  • ერიდეთ ისეთ ფრაზებს, როგორებიცაა: „შენი ოჯახი ყოველთვის მაკრიტიკებს“ ან „დედაშენის მოსაწონი ხომ ვერაფერი გავაკეთე“.

  • ეცადეთ, საკითხებს თქვენი მეუღლის თვალით შეხედოთ.

2. საჭიროების შემთხვევაში გამოიჩინეთ სიმტკიცე

ბიბლიის თვალსაზრისი: „მიატოვებს კაცი მამას და დედას, მიეკვრება ცოლს და ერთი ხორცი იქნებიან“ (დაბადება 2:24). თქვენი დაოჯახების შემდეგაც მშობლებმა შეიძლება ჩათვალონ, რომ თქვენზე ზრუნვა ჯერ კიდევ მათი პასუხისმგებლობაა და ზედმეტად ჩაერიონ თქვენს ოჯახურ ცხოვრებაში.

თქვენი და თქვენი მეუღლის გადასაწყვეტია, რამდენად ჩარევთ მშობლებს თქვენს ოჯახში და ამის შესახებ პირდაპირ, მაგრამ თბილად და ტაქტიანად დაელაპარკეთ (იგავები 15:1). თავმდაბლობის, რბილი ხასიათისა და სულგრძელობის წყალობით ნათესავებთან კარგ ურთიერთობას შეინარჩუნებთ და ყოველთვის სიყვარულით მოუთმენთ ერთმანეთს (ეფესოელები 4:2).

როგორ უნდა მოიქცეთ:

  • თუ ფიქრობთ, რომ ნათესავები თქვენს ცხოვრებაში ზედმეტად ერევიან, ამის შესახებ მეუღლეს მშვიდ გარემოში ესაუბრეთ.

  • შეთანხმდით, როგორ მოაგვარებთ საქმეს.