არჩეულ მასალაზე გადასვლა

ბიბლიური მუხლების ახსნა

რომაელების 12:2 — „შეიცვალეთ აზროვნება და გარდაიქმენით“

რომაელების 12:2 — „შეიცვალეთ აზროვნება და გარდაიქმენით“

 „ნუღარ იცხოვრებთ ქვეყნიერების ყაიდაზე, არამედ შეიცვალეთ აზროვნება და გარდაიქმენით, რათა ჩასწვდეთ ღვთის ნებას, რომელიც კარგი, მოსაწონი და სრულყოფილია“ (რომაელები 12:2, „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“).

 „ნუ ემსგავსებით ამ ქვეყანას, არამედ გარდაიქმენით თქვენი გონების განახლებით, რათა შეიცნოთ, რა არის ნება ღმრთისა, კეთილი, სათნო და სრული“ (რომაელები 12:2, საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა).

რომაელების 12:2-ის ახსნა

 ვისაც უნდა, რომ ღმერთის ასიამოვნოს, მარტო იმაზე კი არ უნდა თქვას უარი, რაც მასზე საზიანო გავლენას ახდენს, არამედ შინაგანადაც უნდა შეიცვალოს. ღმერთი არავის აიძულებს შეცვლას. ადამიანი საკუთარი სურვილით ახდენს ცვლილებებს, რადგან უყვარს ღმერთი და ხვდება, რამდენად გონივრული და სასიკეთოა ღვთის მოთხოვნები (ესაია 48:17).

 „ნუღარ იცხოვრებთ ქვეყნიერების ყაიდაზე“. ქვეყნიერება, რაშიც იგულისხმება ადამიანთა საზოგადოება თავისი ფასეულობებით, წეს-ჩვეულებებითა და ცხოვრების სტილით, არ ირეკლავს ღვთის ფასეულობებსა და მის აზროვნებას (1 იოანე 2:15—17). ქვეყნიერება გამუდმებით ახდენს ზეგავლენას ადამიანებზე, რასაც შეუძლია მათი თავის ყაიდაზე მოქცევა, ანუ მათი საქციელისა და აზროვნების ფორმირება. თუ გვინდა, რომ ღმერთს მისთვის მოსაწონი სახით ვცეთ თაყვანი, უნდა შევეწინააღმდეგოთ ქვეყნიერების ზეგავლენას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყნიერება ღვთისთვის საძულველ თვისებებს ჩამოგვიყალიბებს, რაც ჩვენთვისვე იქნება საზიანო (ეფესოელები 2:1—3; 4:17—19).

 „შეიცვალეთ აზროვნება და გარდაიქმენით“. უაღრესად მნიშვნელოვანია ისიც, რომ შევცვალოთ ძვალ-რბილში გამჯდარი შეხედულებები და ემოციებიც ეს ცვლილებები რომ მრავლისმომცველი უნდა იყოს, კარგად ჩანს ბერძნული სიტყვიდან, რომელიც ქართულად ნათარგმნია როგორც „გარდაიქმენით“. გარდაქმნაში იმის მსგავსი ცვლილება იგულისხმება, როგორიც მუხლუხის პეპლად გადაქცევაა. ღვთის თაყვანისმცემლები უნდა შეიმოსონ „ახალი პიროვნებით“ (ეფესოელები 4:23, 24; კოლოსელები 3:9, 10).

 „ჩასწვდეთ ღვთის ნებას, რომელიც კარგი, მოსაწონი და სრულყოფილია“. ღვთის სურვილია, რომ მის თაყვანისმცემლებს კარგად ესმოდეთ ის, რაც სწამთ. ამის გაკეთებას კი ისინი იმ შემთხვევაში შეძლებენ, თუ შეისწავლიან ბიბლიას, ნასწავლს ცხოვრებაში გამოიყენებენ და საკუთარ თავზე გამოცდიან იმ სასიკეთო შედეგებს, რაც ღვთის ფასეულობების თანახმად ცხოვრებას მოაქვს. ამგვარად, ისინი დაინახავენ, რომ ღვთის გზა საუკეთესო გზაა (ფსალმუნი 34:8).

რომაელების 12:2-ის კონტექსტი

 რომაელების მე-12 თავი გვიხსნის, რა იგულისხმება ღვთისმოსაწონ თაყვანისმცემლობაში. მასში ის იგულისხმება, რომ ცხოვრების ყველა სფეროში ბიბლიური პრინციპებით უნდა ვიხელმძღვანელოთ და ღმერთს გააზრებულად ვემსახუროთ. ღმერთს არ მოსწონს ბრმა რწმენა ან ემოციებით ნაკარნახევი მოქმედება (რომაელები 12:1, 3). ამ თავში მოცემულია პრაქტიკული რჩევები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ განვივითაროთ ღვთისმოსაწონი თვისებები, როგორ ვიქონიოთ სხვებთან კარგი ურთიერთობა და როგორ მოვიქცეთ, როცა ცუდად გვეპყრობიან (რომაელები 12:9—21).