არჩეულ მასალაზე გადასვლა

რა არის „ბოლო დღეების“ ნიშანი?

რა არის „ბოლო დღეების“ ნიშანი?

ბიბლია გვპასუხობს:

 ბიბლიაში აღწერილია მოვლენები, რომლებიც იმაზე მიანიშნებს, რომ „ბოლო დღეები“ ანუ „ქვეყნიერების ბოლო“ დადგა; მასში ისიც არის ნაწინასწარმეტყველები, როგორი იქნებოდა ხალხი ამ პერიოდში (2 ტიმოთე 3:1; მათე 24:3; დანიელი 8:19).

რა არის ნაწინასწარმეტყველები „ბოლო დღეების“ შესახებ?

 ბიბლიაში მრავალი მოვლენის შესახებაა ნაწინასწარმეტყველები, რომლებიც დროის გარკვეულ პერიოდში თანადროულად მოხდებოდა და „ბოლო დღეების“ ნიშანი იქნებოდა (ლუკა 21:7). განვიხილოთ ზოგიერთი მათგანი:

 მასშტაბური ომები. იესომ იწინასწარმეტყველა: „ერი ერის წინააღმდეგ აღდგება და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ“ (მათე 24:7). მსგავსი წინასწარმეტყველება გამოცხადების 6:4-შიც არის ჩაწერილი, სადაც მოხსენიებულია მხედარი, რომელსაც „დედამიწიდან მშვიდობა [მიაქვს]“. ეს წინასწარმეტყველება ომებზე მიანიშნებს.

 შიმშილობა. იესომ იწინასწარმეტყველა, რომ იქნებოდა „საკვების უკმარისობა“ (მათე 24:7). წიგნ „გამოცხადებაში“ კიდევ ერთი მხედარია მოხსენიებული, რომლის ჯირითიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში შიმშილს მოასწავებს (გამოცხადება 6:5, 6).

 დიდი მიწისძვრები. იესომ თქვა, რომ იქნებოდა „მიწისძვრები ხან ერთ და ხან მეორე ადგილას“ (მათე 24:7; ლუკა 21:11). ეს დიდ ზიანს მიაყენებდა ადამიანებს და უამრავის სიცოცხლეს შეიწირავდა.

 ეპიდემიები. იესოს სიტყვების თანახმად, ბოლო დღეებში იქნებოდა ეპიდემიები (ლუკა 21:11).

 კრიმინალი. ბოროტმოქმედება საუკუნეებია არსებობს, თუმცა იესომ იწინასწარმეტყველა, რომ ბოლო დღეებში გამრავლდებოდა უკანონობა (მათე 24:12).

 დედამიწის მოსპობა. გამოცხადების 11:18-ში საუბარია მათზე, ვინც დედამიწას სპობენ. ისინი მძლავრ იარაღებს ქმნიან, რომელთაც პირდაპირი გაგებით შეუძლიათ, მოსპონ დედამიწა. თუმცა ჩვენს პლანეტას სხვაგვარადაც აზიანებენ — ანადგურებენ ეკოსისტემას.

 მორალური დეგრადაცია. 2 ტიმოთეს 3:1—4-ში ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ ბოლო დღეებში ადამიანები იქნებოდნენ „უმადურები, ორგულები,.. ჯიუტები, ცილისმწამებლები, თავშეუკავებლები, სასტიკები, კარგის მოძულეები, გამცემები, თავნებები [და] გაყოყოჩებულები“. ადამიანების დეგრადაცია ისეთ პიკს მიაღწევდა, რომ ცხოვრება გაუსაძლისი გახდებოდა. ამიტომაც უწოდებს ბიბლია ამ პერიოდს „მძიმე და ძნელად ასატან დროს“.

 ოჯახებში ურთიერთობების გაციება. 2 ტიმოთეს 3:2, 3-დან ჩანს, რომ ბევრს ოჯახის წევრების მიმართაც აღარ ექნებოდა თბილი გრძნობები და შვილები „მშობლების ურჩები“ იქნებოდნენ.

 ღვთისადმი სიყვარულის განელება. იესომ იწინასწარმეტყველა: „უმეტესობას სიყვარული გაუნელდება“ (მათე 24:12). მან ის იგულისხმა, რომ ადამიანების უმეტესობას აღარ ეყვარებოდა ღმერთი. მსგავს აზრს 2 ტიმოთეს 3:4-შიც ვხვდებით, სადაც ნათქვამია, რომ ბოლო დღეებში ადამიანები იქნებოდნენ „სიამოვნებათა მოყვარულები და არა ღვთისა“.

 რელიგიების სიყალბე. 2 ტიმოთე 3:5-ში ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ ხალხი გარეგნულად ღვთის თაყვანისმცემლები იქნებოდნენ, მაგრამ სინამდვილეში მისი ნორმების თანახმად არ იცხოვრებდნენ.

 ნათელი ეფინება ბიბლიურ წინასწარმეტყველებებს. ბიბლიის წიგნ „დანიელში“ ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ უკანასკნელ დროს ბევრი ადამიანი უკეთ ჩასწვდებოდა ბიბლიურ ჭეშმარიტებას, მათ შორის აქ მოხსენიებულ წინასწარმეტყველებებს (დანიელი 12:4).

 ქადაგება მთელ მსოფლიოში. იესომ იწინასწარმეტყველა: „იქადაგებენ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ მთელ მსოფლიოში“ (მათე 24:14).

 გულგრილობა და დაცინვა. იესომ იწინასწარმეტყველა, რომ ადამიანები მთლიანობაში არაფრად ჩააგდებდნენ იმის აშკარა მტკიცებულებებს, რომ აღსასრული ახლოვდება (მათე 24:37—39). მეტიც, როგორც 2 პეტრეს 3:3, 4-შია ნაწინასწარმეტყველები, ზოგს სასაცილოდაც არ ეყოფოდა ეს მტკიცებულებები და ჩათვლიდნენ, რომ განსაკუთრებული არაფერი ხდება.

 ყველა წინასწარმეტყველების შესრულება. იესოს სიტყვებიდან, „როცა დაინახავთ ამ ყოველივეს“, ჩანს, რომ ერთდროულად უნდა შესრულებულიყო ყველა ეს წინასწარმეტყველება და არა თითო-ოროლა ან თუნდაც უმეტესობა მათგანი (მათე 24:33).

ნამდვილად „ბოლო დღეებში“ ვცხოვრობთ?

 დიახ. მსოფლიოში არსებული მდგომარეობა და ბიბლიის საფუძველზე დროის გამოთვლა იმაზე მიანიშნებს, რომ „ბოლო დღეები“ დაიწყო 1914 წელს, იმ წელს, როცა პირველმა მსოფლიო ომმა იფეთქა. უყურეთ ვიდეოს და გაიგეთ, როგორ მეტყველებს განვითარებული მოვლენები, რომ ბოლო დღეებში ვცხოვრობთ:

 1914 წელს ღვთის სამეფომ ზეცაში დაიწყო მმართველობა და პირველი, რაც გააკეთა, ის იყო, რომ სატანა თავის დემონებთან ერთად ზეციდან გადმოყარა. ამ დროიდან მოყოლებული მათი მოქმედების არეალი მხოლოდ დედამიწით შემოიფარგლება (გამოცხადება 12:7—12). კაცობრიობაზე სატანის გავლენა აშკარაა. ჩვენ ვხედავთ, როგორები გახდნენ ადამიანები. ამიტომაცაა, ბიბლია ამ პერიოდს „მძიმე და ძნელად ასატან“ დროს რომ უწოდებს (2 ტიმოთე 3:1).

 არსებული მდგომარეობა ბევრის შეშფოთებას იწვევს. ზოგი ფიქრობს, რომ საზოგადოება გადაგვარების გზას ადგას, რის გამოც კაცობრიობის მომავალი აშინებთ. ზოგს კი, მართალია, მსოფლიო მდგომარეობა აშფოთებს, მაგრამ მომავალს იმედის თვალით უყურებს. ისინი დარწმუნებული არიან, რომ ღვთის სამეფო მალე დაიწყებს მოქმედებას და კაცობრიობის ყველა პრობლემას გადაჭრის (დანიელი 2:44; გამოცხადება 21:3, 4). მანამდე კი მოთმინებით ელიან ღვთის დანაპირების შესრულებას და თავს იესოს სიტყვებით ინუგეშებენ: „ბოლომდე მომთმენი გადარჩება“ (მათე 24:13; მიქა 7:7).