არჩეულ მასალაზე გადასვლა

იწინასწარმეტყველა ბიბლიამ, თუ როგორ იაზროვნებდნენ და მოიქცეოდნენ ადამიანები დღეს?

იწინასწარმეტყველა ბიბლიამ, თუ როგორ იაზროვნებდნენ და მოიქცეოდნენ ადამიანები დღეს?

ბიბლიის თვალსაზრისი

 დიახ, ბიბლიამ იწინასწარმეტყველა, რომ ჩვენს დროში ადამიანები უფრო და უფრო შეიცვლებოდნენ ცუდისკენ. შედეგად კი, როგორც ღვთის სიტყვაშია ნათქვამი, გაუფასურდებოდა მაღალზნეობრივი ნორმები და ფასეულობები, რაც ჯანსაღ ურთიერთობებს დაამსხვრევდა a (2 ტიმოთე 3:1—5). თუმცა ბიბლიაში ისიც იყო ნაწინასწარმეტყველები, რომ ყველა არ აჰყვებოდა უმრავლესობას. იქნებოდნენ ადამიანები, რომლებიც, ღვთის დახმარებით, ყველაფერს გააკეთებდნენ იმისთვის, რომ არ მოქცეულიყვნენ უარყოფითი აზროვნების ზეგავლენაში და თავიანთი აზროვნება და ქმედებები ღვთის ნებასთან შეეთანხმებინათ (ესაია 2:2, 3).

ამ სტატიაში პასუხი გაეცემა შემდეგ კითხვებს:

 რა იწინასწარმეტყველა ბიბლიამ ჩვენს დროში მცხოვრები ადამიანების აზროვნებასა და საქციელზე?

 ბიბლია აღწერს ადამიანებისთვის დამახასიათებელ უამრავ უარყოფით თვისებასა და საქციელს, რომლებიც მათში ეგოიზმის ნიადაგზე წარმოიშვა. ბიბლიაში ნათქვამია, რომ ადამიანები იქნებოდნენ „თავშეუკავებლები“, „საკუთარი თავის მოყვარულები“, „სიამოვნებათა მოყვარულები და არა ღვთისა“ (2 ტიმოთე 3:2—4).

 წინასწარმეტყველების თანახმად ჩვენს დღეებში ადამიანთა უმეტესობა საკუთარ თავზე იქნებოდა შეყვარებული და მხოლოდ იმაზე იფიქრებდა, თუ როგორ დაეკმაყოფილებინა პირადი სურვილები და ინტერესები. დღეს ნათლად ვხედავთ ამ წინასწარმეტყველების შესრულებას. ბევრი ადამიანის ცხოვრებაში პირადი „მე“ ყველაფერზე მაღლა დგას და ამ მხრივ მდგომარეობა უფრო და უფრო უარესდება. ბევრს საკუთარი თავის გარდა არავინ აღელვებს და არ გრძნობს იმის საჭიროებას, რომ სხვებს კარგად მოექცეს ან მადლიერება გამოხატოს გამოვლენილი სიკეთის საპასუხოდ ან იმისთვის, რაც აქვს. ბიბლიური ენით თუ ვიტყვით, ისინი „კარგის მოძულეები“ არიან (2 ტიმოთე 3:2, 3).

 ეგოიზმი საფუძვლად უდევს კიდევ უამრავ ცუდ თვისებას, რომლებიც ბოლო დღეებში მცხოვრები ადამიანებისთვის იქნებოდა დამახასიათებელი:

  •   სიხარბე — დღეს ადამიანები „ფულის მოყვარულები“ არიან. ისინი თვლიან, რომ ფული და ქონება განსაზღვრავს მათ წარმატებას (2 ტიმოთე 3:2).

  •   სიამაყე — დღეს ადამიანები „მოტრაბახეები, ამპარტავნები“ და „გაყოყოჩებულები“ არიან (2 ტიმოთე 3:2, 4). ასეთები ხშირად იკვეხნიან თავიანთი შესაძლებლობებით, თვისებებითა თუ სიმდიდრით.

  •   ცილისწამება — დღეს ყველგან შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც „ღვთისმგმობელები“ და „ცილისმწამებლები“ არიან (2 ტიმოთე 3:2, 3). ეს განსაზღვრებები მათთან მიმართებით გამოიყენება, რომლებიც შეურაცხყოფენ ღმერთსა და ადამიანებს და მათ შესახებ სიცრუეს ავრცელებენ.

  •   სიჯიუტე — დღეს ადამიანები „ორგულები“, „ჯიუტები“, „გამცემები“ და „თავნებები“ არიან (2 ტიმოთე 3:2—4). ისინი ამ თვისებებს მაშინ ავლენენ, როცა არ მიდიან დათმობაზე, არ ცდილობენ სხვებთან საერთო ენის გამონახვას და არ ასრულებენ თავიანთ სიტყვას.

  •   ძალადობა — დღეს ადამიანები „სასტიკები“ არიან, ადვილად ბრაზდებიან, რასაც ხშირ შემთხვევაში საშინელ და არაადამიანურ ქმედებებამდე მიჰყავს ისინი (2 ტიმოთე 3:3).

  •   უკანონობა — იესომ იწინასწარმეტყველა, რომ ჩვენს დღეებში უკანონობა გამრავლდებოდა (მათე 24:12). მან აგრეთვე აღნიშნა, რომ „არეულობები“ გახშირდებოდა (ლუკა 21:9).

  •   სიყვარულის ნაკლებობა ოჯახში — ბავშვებს, რომლებიც „მშობლების ურჩები“ და „გულცივები“ არიან, საერთოდ არ აღელვებთ ოჯახის წევრების მდგომარეობა. შედეგად, უფრო და უფრო მეტი ადამიანი ხდება შეურაცხყოფისა და ძალადობის მსხვერპლი ოჯახის წევრების მხრიდან (2 ტიმოთე 3:2, 3).

  •   რელიგიური თვალთმაქცობა — უამრავი ადამიანი „გარეგნულად ღვთისმოშიშია“ (2 ტიმოთე 3:5). ნაცვლად იმისა, რომ ღვთის ნება შეასრულონ, ისინი იმ რელიგიური წინამძღოლების მითითებებს მიჰყვებიან, რომლებიც ყურისთვის საამებელ სიტყვებს ეუბნებიან (2 ტიმოთე 4:3, 4).

 რა გავლენას მოახდენდნენ ეგოცენტრული ადამიანები სხვებზე?

 რადგან დღეს ეგოიზმი ასე ჭარბობს, უამრავ ადამიანს ემოციური და ფსიქიკური პრობლემები აქვს (ეკლესიასტე 7:7). მაგალითად, სიმდიდრის მოყვარული ადამიანები სხვების ნდობით ბოროტად სარგებლობენ და ასე შოულობენ ფულს. გულცივი ადამიანები შეურაცხყოფენ ოჯახის წევრებს, რამაც შეიძლება ეს უკანასკნელნი დეპრესიამდე ან თვითმკვლელობამდეც კი მიიყვანოს. გარდა ამისა, ღალატითა და ორგულობით ადამიანები დიდ ემოციურ ტკივილს აყენებენ ერთმანეთს, რამაც შესაძლოა ღრმა კვალი დატოვოს მათზე.

 რატომ შეიცვლებოდნენ ადამიანები უარესობისკენ?

 ბიბლია გვიმჟღავნებს მიზეზებს, თუ რატომ იცვლებიან ადამიანები სინამდვილეში.

  •   ღვთისა და მოყვასის მიმართ გულწრფელი სიყვარული ნელდება (მათე 24:12). შედეგად მატულობს ეგოიზმი.

  •   სატანა და დემონები ზეციდან იქნენ გადმოყრილნი, რის შემდეგაც ისინი მთელ თავიანთ რისხვას დედამიწაზე ანთხევენ და უფრო მეტად აქცევენ ადამიანებს თავიანთ გავლენაში (გამოცხადება 12:9, 12). შესაბამისად, ბოროტება და ეგოიზმი უფრო მეტად ჭარბობს საზოგადოებაში (1 იოანე 5:19).

 როგორ უნდა ვრეაგირებდეთ, როცა ადამიანებში ასეთ ცვლილებებს ვხედავთ?

 ბიბლიაში ნათქვამია: „ასეთებისგან თავი შორს დაიჭირე“ (2 ტიმოთე 3:5). ეს იმას არ ნიშნავს, რომ საზოგადოებას გავერიყოთ. უბრალოდ უნდა მოვერიდოთ ახლო ურთიერთობის განვითარებას ეგოცენტრულ და უღვთო ადამიანებთან (იაკობი 4:4).

 ყველა ადამიანი შეიცვლებოდა ცუდისკენ?

 არა. ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ ზოგიერთები ოხვრას და კვნესას დაიწყებდნენ „მთელი იმ სისაძაგლის გამო“ (ეზეკიელი 9:4). ისინი არ გამოავლენდნენ ეგოისტურ სულს და ღვთის მითითებებით იხელმძღვანელებდნენ; შედეგად, სხვებისგან სრულიად გამორჩეულნი იქნებოდნენ თავიანთი საუბრებით და მოქმედებებით (მალაქია 3:16, 18). მაგალითად, ისინი შეეცდებოდნენ მშვიდობა შეენარჩუნებინათ ყველასთან და მონაწილეობას არ მიიღებდნენ ომებსა და ძალადობაში (მიქა 4:3).

 გახდება საზოგადოება სრულიად უმართავი?

არა. ადამიანთა დეგრადირება იმ დონემდე ვერ მივა, რომ მდგომარეობა აბსოლუტურად უკონტროლო გახდეს. ვინაიდან ღმერთი მალე მოსპობს იმ ადამიანებს, რომლებიც შეგნებულად უარყოფენ მის მითითებებს (ფსალმუნი 37:38). ღმერთი შექმნის „ახალ დედამიწას“, ანუ დედამიწაზე ახალ საზოგადოებას დაასახლებს. ეს თავმდაბალი ადამიანები მარადიულად გაიხარებენ დიდი მშვიდობით (2 პეტრე 3:13; ფსალმუნი 37:11, 29). ამგვარი იმედი მხოლოდ ჩვენი წარმოსახვის ნაყოფი არ არის. ბიბლია დღესვე ეხმარება ადამიანებს, შეიცვალონ ცხოვრების წესი და ღვთის მითითებების გათვალისწინებით იარონ სიმართლის გზებზე (ეფესოელები 4:23, 24).

a ბიბლიური წინასწარმეტყველება და მსოფლიო მდგომარეობა ცხადყოფს, რომ „ბოლო დღეებში“ ვცხოვრობთ, რომელიც „მძიმე“ და „ძნელად ასატანი“ იქნებოდა (2 ტიმოთე 3:1). დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ სტატია, «რა არის „ბოლო დღეების“ ნიშანი?».