არჩეულ მასალაზე გადასვლა

რატომ არ აღნიშნავენ იეჰოვას მოწმეები ამა თუ იმ დღესასწაულს?

რატომ არ აღნიშნავენ იეჰოვას მოწმეები ამა თუ იმ დღესასწაულს?

 როგორ განსაზღვრავენ იეჰოვას მოწმეები, რომელი დღესასწაულია ღვთისთვის მისაღები და რომელი — არა?

 იეჰოვას მოწმეები ბიბლიას მიმართავენ ხელმძღვანელობისთვის, როცა საქმე ეხება იმას, აღნიშნონ თუ არა ესა თუ ის დღესასწაული. ისინი არ ზეიმობენ ისეთ დღესასწაულებს, რომლებიც ცალსახად ეწინააღმდეგება ბიბლიურ პრინციპებს. სხვა დანარჩენ შემთხვევებში კი თითოეული იეჰოვას მოწმე თავად წყვეტს, მიიღოს თუ არა მონაწილეობა დღესასწაულში ისე, რომ სუფთა სინდისი შეინარჩუნოს „ღვთისა და ადამიანების წინაშე“ (საქმეები 24:16).

 ქვემოთ მოცემულია რამდენიმე კითხვა და ამ კითხვებზე პასუხები, რომლებიც ეხმარება იეჰოვას მოწმეებს, განსაზღვრონ, მიიღონ თუ არა მონაწილეობა ამა თუ იმ დღესასწაულში. a

  •   ხომ არ იღებს დღესასწაული სათავეს რომელიმე არაბიბლიური სწავლებიდან?

     ბიბლიური პრინციპი: „გამოდით მათგან და გამოეყავით, — ამბობს იეჰოვა, — უწმინდურს ნუღარ მიეკარებით“ (2 კორინთელები 6:15—17).

     ბოლომდე რომ გამოეყონ სულიერად უწმინდურ სწავლებებს, ანუ იმას, რასაც ბიბლია აშკარად ეწინააღმდეგება, იეჰოვას მოწმეები არ ზეიმობენ ისეთ დღესასწაულებს, რომელთათვისაც დამახასიათებელია შემდეგი ნიშან-თვისებები:

     დღესასწაულები, რომლებიც დაკავშირებულია ცრუ ღმერთების თაყვანისცემასთან. იესომ თქვა: „იეჰოვას, შენს ღმერთს ეცი თაყვანი და მხოლოდ მას შეუსრულე წმინდა მსახურება“ (მათე 4:10). ამ რჩევის გათვალისწინებით, იეჰოვას მოწმეები არ ზეიმობენ ისეთ დღესასწაულებს, როგორებიცაა: შობა, აღდგომა და პირველი მაისის b დღესასწაულიც კი, ვინაიდან ეს დღესასწაულები ცრუ ღმერთების თაყვანისცემაზეა დაფუძნებული და არა — იეჰოვას თაყვანისცემაზე. გარდა ამისა, ისინი არ მონაწილეობენ ქვემოთ მოხსენიებულ დღესასწაულებში:

    •  კვანზაა. სახელი „კვანზაა“ „მომდინარეობს სუაჰილური სიტყვებიდან „მატუნდა ია კვანზა“, რაც ნიშნავს „პირველ ნაყოფს“. ეს იმაზე მიუთითებს, რომ დღესასწაული დასაბამს იღებს პირველი მოსავლის დღესასწაულიდან, რომელიც მოხსენიებულია აფრიკულ ისტორიულ ჩანაწერებში“ (Encyclopedia of Black Studies). მართალია, ზოგი „კვანზაას“ არარელიგიურ დღესასწაულად მიიჩნევს, მაგრამ „აფრიკული რელიგიის ენციკლოპედია“ ამ დღესასწაულს აკავშირებს დღესასწაულთან, რომლის დროსაც პირველმოწეულ მოსავალს მადლიერების ნიშნად სწირავდნენ ღვთაებებსა და წინაპრებს. მასში აგრეთვე ნათქვამია: „აფრო-ამერიკული დღესასწაულის, „კვანზაას“, დროს ხალხი წინაპრებისადმი მადლიერებას გამოხატავს მათ მიერ ბოძებული სიცოცხლის გამო“.

      კვანზაა

    •  შუა შემოდგომის დღესასწაული. „ამ დღესასწაულით პატივს მიაგებენ მთვარის ქალღმერთს“ (Holidays, Festivals, and Celebrations of the World Dictionary).

    •  ნავრუზი (ნოვრუზი). „ეს უძველესი დღესასწაული ზოროასტრიზმიდან იღებს დასაბამს და უძველეს ზოროასტრულ კალენდარში წმინდა დღეთა შორისაა მოხსენიებული ... [რაპითვინის] სახელით ცნობილი შუადღის სული, რომელიც მიიჩნევა, თითქოს ცივი თვეების დროს ზამთრის სულმა ჩაიყვანა მიწისქვეშეთში, ზოროასტრული ტრადიციის მიხედვით, ნავრუზის დღესასწაულზე შუადღისას ბრუნდება უკან“ (United Nations Educational, Scientific and Cultural Organization).

    •  ახალი წელი. ამ დღესასწაულის წარმოშობასთან დაკავშირებით ენციკლოპედია „უორლდ ბუკში“ ნათქვამია: „რომაელმა მმართველმა, იულიუს კეისარმა, ძვ. წ. 46 წელს დაადგინა, რომ ახალი წელი 1 იანვრიდან დაიწყებოდა. ამ დღეს რომაელები იანუსს, კარიბჭეების, შესასვლელ-გასასვლელისა და ყოველივეს დასაბამის ღვთაებას, უძღვნიდნენ. იანუსის პატივსაცემად წლის პირველ თვეს იანვარი დაარქვეს. იანუსს ორი სახე ჰქონდა, ერთი წინ იყურებოდა მეორე — უკან“.

    •  მადლიერების დღე. ეს დღესასწაული სათავეს იღებს მოსავლის აღების უძველესი დღესასწაულებიდან, რომლებიც განადიდებდა სხვადასხვა ღვთაებას. გარკვეული დროის შემდეგ „ეს უძველესი ხალხური ტრადიციები შეითვისა ქრისტიანულმა ეკლესიამ“ (A Great and Godly Adventure​—The Pilgrims and the Myth of the First Thanksgiving).

     დღესასწაულები, რომლებიც დაფუძნებულია ცრურწმენაზე ან ბედისწერისა და იღბლის მოძღვრებაზე. ბიბლიაში ნათქვამია: „თქვენ კი მიატოვეთ იეჰოვა ... იღბლიანობის ღმერთს უშლით სუფრას“ (ესაია 65:11). აქედან გამომდინარე, იეჰოვას მოწმეები არ აღნიშნავენ „ბედობას“.

    •  ბედობა (ბედობის დღე). „მეორე დღე ახალი წლის დადგომის შემდეგ — 2 იანვარი (გავრცელებული აზრით, როგორც ამ დღეს დაებედება ადამიანს, მთელ წელიწადს ისე იცხოვრებს) (ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, ახალი რედაქცია, ტ. 1; გვ. 989).

    •  ივან კუპალა. „გავრცელებული მოსაზრების თანახმად, ამ დღესასწაულის [ივან კუპალას] პერიოდში ბუნება გამოყოფს მაგიურ ძალებს და ამ ძალის ნაწილს იღებენ გაბედული და იღბლიანი ადამიანები“ — ნათქვამია ერთ წიგნში (The A to Z of Belarus). სინამდვილეში, ეს იყო წარმართული დღესასწაული, რომლის დროსაც აღნიშნავდნენ ზაფხულის მზებუდობას. თუმცა როგორც „თანამედროვე რუსული კულტურის ენციკლოპედია“ შენიშნავს, „მას შემდეგ, რაც წარმართები ქრისტიანობაზე მოექცნენ, ეს დღესასწაული შეერწყა ეკლესიურ დღესასწაულს [იოანე ნათლისმცემლისადმი მიძღვნილ „წმინდანის დღეს“]“.

      მთვარის ახალი წელი (ჩინური ახალი წელი ან კორეული ახალი წელი). „ოჯახის წევრების, მეგობრებისა და ნათესავების მთავარი საზრუნავი ის არის, რომ ამ წელს კარგი იღბალი დაებედოთ, დიდება მიაგონ ღმერთებსა და სულებს და ერთმანეთს წარმატება და ბედნიერება უსურვონ (Mooncakes and Hungry Ghosts​—Festivals of China). მსგავსად ამისა, კორეულ ახალ წელსაც ხდება წინაპართა თაყვანისცემა, ბოროტი სულების განდევნის მიზნით იმართება რიტუალები, რათა მომავალი წელი იყოს იღბლიანი; აგრეთვე მკითხაობენ, რათა გაიგონ, რას მოიტანს მომავალი წელი“ (Encyclopedia of New Year’s Holidays Worldwide).

     დღესასწაულები, რომლებიც დაფუძნებულია სულის უკვდავების შესახებ სწავლებაზე: ბიბლიაში ცალსახადაა ნათქვამი, რომ სული კვდება (ეზეკიელი 18:4). ასე რომ, იეჰოვას მოწმეები არ აღნიშნავენ ისეთ დღესასწაულებს, რომლებშიც სულის უკვდავების იდეაა ჩადებული. მაგალითად:

    ჩინური ახალი წელი

    •  მიცვალებულთა ხსენების დღეები. „მიცვალებულთა მოხსენიების დღესთან დაკავშირებული, ფართოდ გავრცელებული ზოგიერთი წარმოდგენა წარმართობიდან, უხსოვარი დროიდან მოდის. ბევრ კათოლიკურ ქვეყანაში ხალხს სჯერა, რომ ამ დღესასწაულის ღამეს მიცვალებულები თავიანთ სახლებს უბრუნდებიან და ცოცხლებთან ერთად ჭამენ საჭმელს“ („ენციკლოპედია „ბრიტანიკა“ ტ. 1, გვ. 709).

      საკურთხი. „საკურთხი არის მიცვალებულის სახელზე მომზადებული ტრაპეზი, რომელსაც მღვდელი აკურთხებს. ამ დროს მიცვალებულთა სულის საოხად [შესავედრებლად] კითხულობენ ლოცვებს, ანთებენ სანთელს, აკმევენ საკმეველს, ასხურებენ აიაზმას [ნაკურთხ წყალს]“ (ჟურნალი „კარიბჭე“, № 2, 2004 წ.).

    •  ჩინგ-მინგის დღესასწაული და მშიერი სულების დღესასწაული. ეს ორი დღესასწაული აღინიშნება წინაპართათვის პატივის მისაგებად. ერთ-ერთ წყაროში ნათქვამია, რომ ჩინგ-მინგის დღესასწაულის დროს „საჭმელს, სასმელს და ქაღალდის ფულს ცეცხლში ყრიან, რათა გარდაცვლილები არ დარჩნენ მშიერ-მწყურვალნი და არც ფული მოაკლდეთ“. იმავე წიგნში ნათქვამია: „[მონაწილეებს სჯერათ], რომ მშიერი სულების დღესასწაულზე, რომელიც უმთავრესად სავსე მთვარის ღამეს იმართება, განსაკუთრებული კავშირი მყარდება გარდაცვლილებსა და ცოცხლებს შორის, ვიდრე სხვა რომელიმე ღამეს; შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, ყველაფერი გაკეთდეს წინასწარ სულების დასამშვიდებლად და წინაპრებისადმი პატივის მისაგებად“ (Celebrating Life Customs Around the World​—From Baby Showers to Funerals).

    •  ჩუსოკი. „ამ კორეულ დღესასწაულზე გარდაცვლილებს უმზადებენ საჭმელს და ღვინოს“. საკურთხის მომზადება დაფუძნებულია „რწმენაზე, რომ სიკვდილის შემდეგ ადამიანის სული განაგრძობს არსებობას“ (The Korean Tradition of Religion, Society, and Ethics).

     დღესასწაულები, რომლებიც უკავშირდება ოკულტიზმს. ბიბლიაში წერია: „არ იყოს შენში თავისი ვაჟის ან ასულის ცეცხლში გამტარებელი, არც მკითხავი, არც ჯადოქარი, მისანი, არც გრძნეული, არც ჯადოს გამკეთებელი, არც ის, ვინც რჩევას სთხოვს სულების გამომძახებელს ან მარჩიელს, და არც მკვდართა გამომკითხველი. ამის გამკეთებელი სძულს იეჰოვას“ (კანონი 18:10—12). ოკულტიზმთან, მათ შორის, ასტროლოგიასთან (მკითხაობის ერთ-ერთი ფორმა) რომ არაფერი ჰქონდეთ საერთო, იეჰოვას მოწმეები არ ზეიმობენ ისეთ დღესასწაულებს, როგორებიცაა:

    •  ჰელოუინი. „ენციკლოპედია ამერიკანაში“ ვკითხულობთ: „ჰელოუინთან დაკავშირებული წეს-ჩვეულებები დრუიდთა [ძველი კელტების ქურუმები] ქრისტიანობამდელი რიტუალებიდან მომდინარეობს. კელტები ორი მთავარი ღვთაების — მზის ღმერთისა და მიცვალებულთა ღმერთის — პატივსაცემად დღესასწაულებს მართავდნენ. მიცვალებულთა ღმერთის დღესასწაულს აღნიშნავდნენ 1 ნოემბერს, როდესაც კელტებისთვის ახალი წელი იწყებოდა. ამ დღესასწაულთან დაკავშირებული რიტუალები თანდათანობით ქრისტიანობაში დამკვიდრდა“ (1977, ტ. XIII, გვ. 725).

      ჭიაკოკონობა. „ამ დღესასწაულს ქრისტიანობასთან საერთო არაფერი აქვს. საქართველოს ზოგიერთ კუთხეში გავრცელებული რწმენა, თითქოს ჭიაკოკონობის ღამეს ის ადგილები, სადაც კოცონია დანთებული, კუდიანებისგან იწმინდება, მხოლოდ სახეცვლილი, ქრისტიანული ელემენტებით გამდიდრებული გვიანდელი ვარიანტია. ამ ტრადიციის ფესვები უფრო შორს მიდის და წარმართულ პერიოდს სწვდება“ (ჟურნალი „კარიბჭე“, აპრილი, 2004 წ.).

    •  სინჰალა და ტამილური ახალი წელი. „ამ დღესასწაულზე სრულდება ტრადიციული რიტუალები ... სრულდება აგრეთვე ასტროლოგიური რიტუალები, რათა განსაზღვრონ, როდის იქნება ამა თუ იმ საქმის გაკეთება იღბლიანი“ („შრი-ლანკის ენციკლოპედია“).

      სონგკრანი. ამ აზიური დღესასწაულის სახელწოდება „მომდინარეობს სანსკრიტული სიტყვიდან ... რომელიც ნიშნავს „გადაადგილებას“, „ცვლილებას“. ამ დღესასწაულით აღინიშნება მზის გადაადგილება ვერძის ზოდიაქოს თანავარსკვლავედის მიმართულებით“ — (Food, Feasts, and Faith—An Encyclopedia of Food Culture in World Religions).

     დღესასწაულები, რომელთა დაცვაც მოსეს კანონით მოითხოვებოდა და რომლებიც იესოს მსხვერპლის გაღებით გაუქმდა. ბიბლიაში ნათქვამია: „კანონის დასასრული ქრისტეა“ (რომაელები 10:4). დღევანდელი ქრისტიანებისთვის კვლავაც სასარგებლოა იმ პრინციპების დაცვა, რომლებიც ისრაელისთვის მიცემულ მოსეს კანონში ეწერა. თუმცა ისინი არ ზეიმობენ კანონში ჩაწერილ დღესასწაულებს, რომელთაგან ზოგიერთი შეახსენებდა ხალხს მესიის მოსვლას, რადგან ქრისტიანებს სწამთ, რომ მესია უკვე მოვიდა. „ეს ყველაფერი მომავლის ჩრდილია — ნათქვამია ბიბლიაში, — სინამდვილე კი — ქრისტესი“ (კოლოსელები 2:17). ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე და ამასთანავე იმ მიზეზის გამო, რომ ზოგიერთმა დღესასწაულმა შეითავსა არაბიბლიური წეს-ჩვეულებები, იეჰოვას მოწმეები არ აღნიშნავენ ქვემოთ ჩამოთვლილ დღესასწაულებს:

    •  ხანუკა. ამ დღესასწაულს იერუსალიმში, იუდეველთა ტაძრის მიძღვნის აღსანიშნავად ზეიმობდნენ. თუმცა ბიბლიაში ნათქვამია, რომ იესო გახდა მღვდელმთავარი „უფრო დიდი და უფრო სრულყოფილი კარვით [იგივე ტაძრით], რომელიც ხელთქმნილი არ არის, ანუ სხვაგვარადაა შექმნილი“ (ებრაელები 9:11). ქრისტიანთათვის ამ სულიერმა ტაძარმა ჩაანაცვლა იერუსალიმში მდებარე ფიზიკური ტაძარი.

    •  როშ-ჰაშანა. ეს არის ებრაული კალენდრის პირველი დღე. ძველ დროში ამ დღესასწაულზე ღვთისთვის განსაკუთრებული მსხვერპლი მიჰქონდათ (რიცხვები 29:1—6). თუმცა იესო ქრისტემ, როგორც მესიამ „შეწყვიტა მსხვერპლი და საძღვნო შესაწირავი“ და ამ დღესასწაულისთვის განკუთვნილმა მსხვერპლმაც ღვთის თვალში ძალა დაკარგა (დანიელი 9:26, 27).

  •   ხომ არ უწყობს ხელს ესა თუ ის დღესასწაული რელიგიების გაერთიანებას?

     ბიბლიური პრინციპი: „რა წილი აქვს მორწმუნეს ურწმუნოსთან? რა კავშირი აქვს ღვთის ტაძარს კერპებთან?“ (2 კორინთელები 6:15—17).

     იეჰოვას მოწმეები ცდილობენ, ყველასთან მშვიდობიანები იყვნენ და პატივი სცენ ადამიანის უფლებას, იწამოს ის, რაც სურს. თუმცა არ აღნიშნავენ ისეთ დღესასწაულებს, რომლებიც ხელს უწყობს რელიგიების გაერთიანებას შემდეგ საკითხებში:

    ვესაკი

     დღესასწაული, რომელიც ეძღვნება რომელიმე რელიგიურ პირს ან მოვლენას და ხელს უწყობს სხვადასხვა სარწმუნოებაში მყოფი ადამიანების გაერთიანებას. როდესაც იეჰოვა ებრაელებს მიუძღვოდა აღთქმული მიწისკენ, რომელთა მკვიდრნიც სხვა რელიგიის მიმდევრები იყვნენ, გააფრთხილა: „არ დადო შეთანხმება არც მათთან და არც მათ ღმერთებთან ... თუ მათ ღმერთებს ემსახურები, მახედ გექცევა ეს“ (გამოსვლა 23:32, 33). აქედან გამომდინარე, იეჰოვას მოწმეები არ ღებულობენ მონაწილეობას ისეთ დღესასწაულებში, როგორებიცაა:

    •  ლოი კრატონგი. ამ დღესასწაულზე, რომელიც ტაილანდში იმართება, „ფოთლებისგან აკეთებენ პატარა ჯამებს, ზედ ამაგრებენ სანთლებს ან სურნელოვან ჩხირებს, წყალში უშვებენ და ამბობენ: „წაიღე ცუდი ბედი ჩვენგან“. რეალურად ამ დღესასწაულის მონაწილეები პატივს მიაგებენ ბუდას წმინდა ნაფეხურს“ („ბუდიზმის ენციკლოპედია“).

    •  ეროვნული მიტევების დღე. პაპუა-ახალ გვინეაში გამომავალ გაზეთში სახელწოდებით „The National“, ერთ-ერთი სახელმწიფო პირი აღნიშნავს: „ამ დღესასწაულის მონაწილენი თანხმდებიან ქრისტიანული მოძღვრების ფუნდამენტურ სწავლებებზე. ეს დღე ხელს უწყობს ქრისტიანული პრინციპების დანერგვას ქვეყანაში“.

    •  ვესაკი. „ეს არის ბუდისტების წმინდა დღე ბუდას დაბადების, გაბრწყინების, სიკვდილის ან იმის აღსანიშნავად, რომ მან მიაღწია ნირვანას“ (Holidays, Festivals, and Celebrations of the World Dictionary).

     დღესასწაულები, რომლებსაც საფუძვლად არაბიბლიური რელიგიური რიტუალები უდევს. ერთხელ იესომ უთხრა რელიგიურ ლიდერებს: „თქვენ თქვენივე ადათ-წესებით ძალა დაუკარგეთ ღვთის სიტყვას“. შემდეგ კი მათ თაყვანისმცემლობას ფუჭი უწოდა, „რადგან ადამიანთა მცნებებს ისე ასწავლიდნენ, როგორც სწავლებებს“ (მათე 15:6, 9). იეჰოვას მოწმეები ითვალისწინებენ იესოს ამ გაფრთხილებას და არ აღნიშნავენ იმ უამრავ რელიგიურ დღესასწაულს, რომელთაც დღეს ქვეყნიერება აღნიშნავს.

    •  ეპიფანია (სამი მეფის დღე, იგივე ლოს რაეს მაგოს). ამ დღესასწაულზე ზოგან აღინიშნება ასტროლოგების სტუმრობა ჩვილ იესოსთან, ზოგან კი — იესოს ნათლობა. ეს დღესასწაული წარმოადგენს „საგაზაფხულო წარმართული დღესასწაულების გაქრისტიანებულ ფორმას, რომელთა დროსაც პატივს მიაგებდნენ წყლების, მდინარეებისა და წყაროების ღვთაებებს“ (The Christmas Encyclopedia). მსგავსი შინაარსის დღესასწაულია „ტიმკატიც“, რომელიც „მთლიანად ტრადიციებზეა დაფუძნებული“ (Encyclopedia of Society and Culture in the Ancient World).

    •  ქალწული მარიამის ზეცად ამაღლების დღე (ღვთისმშობლის მიძინების დღე, მარიამობა). ამ დღესასწაულზე ზეიმობენ იესოს დედის, მარიამის ზეცად ამაღლებას ხორციელად. ნაშრომში „რელიგია და საზოგადოება — ფუნდამენტალიზმის ენციკლოპედია“ ნათქვამია: „ეს სწავლება უცხო იყო პირველი ქრისტიანებისთვის და მას არანაირი საერთო არ აქვს წმინდა წერილებთან“.

    •  უბიწოდ ჩასახვის დღესასწაული. [მარიამის] უბიწოდ ჩასახვის შესახებ სწავლება აშკარად არ გვხვდება წმინდა წერილებში ... ეს ეკლესიური მოძღვრებაა“ („ახალი კათოლიკური ენციკლოპედია“).

    •  დიდმარხვა. „ახალი კათოლიკური ენციკლოპედიის“ მიხედვით, მონანიებისა და მარხვის ეს პერიოდი დაწესდა „მეოთხე საუკუნეში“, 200 წელზე მეტი ხნის შემდეგ, რაც ბიბლიის წერა დასრულდა. დიდმარხვის პირველ დღესთან დაკავშირებით ზემოაღნიშნულ ენციკლოპედიაში ნათქვამია: ნაცრის ოთხშაბათს მღვდლები თავიანთ მრევლს ნაცრით შუბლზე ახატავენ ჯვარს, რაც იმის შეხსენებაა, რომ მონანიებას საჭიროებენ. ეს წესი თავდაპირველად შემოიღეს კათოლიკურ ეკლესიაში 1091 წელს“.

    •  მესკელი (მასკალი). ამ ეთიოპიურ დღესასწაულზე ხალხი „ეძებს ჭეშმარიტ ჯვარს (ჯვარს, რომელზეც ქრისტე გააკრეს). ანთებენ კოცონს და ცეკვავენ მის გარშემო“ (Encyclopedia of Society and Culture in the Medieval World). იეჰოვას მოწმეები თაყვანისმცემლობაში ჯვარს არ იყენებენ.

  •   ხომ არ განადიდებს დღესასწაული რომელიმე ადამიანს, ორგანიზაციას ან ეროვნულ სიმბოლოს?

     ბიბლიური პრინციპი: „აი რას ამბობს იეჰოვა: „წყეულია ის, ვინც ადამიანზე ამყარებს იმედს, ხორციელის მკლავს ენდობა და ვისი გულიც შორდება იეჰოვას“ (იერემია 17:5).

     მართალია, იეჰოვას მოწმეები დიდ პატივს სცემენ ყველა ადამიანს და ლოცულობენ კიდეც მათთვის, მაგრამ ისინი არ მონაწილეობენ ამა თუ იმ ღონისძიებასა და დღესასწაულში თუ:

     დღესასწაული პატივს მიაგებს და განადიდებს რომელიმე მმართველს ან საზოგადო მოღვაწეს. ბიბლიაში წერია: „თქვენდა სასიკეთოდ, თავი შორს დაიჭირეთ ადამიანისგან, რომლის სუნთქვაც მის ნესტოებშია. ვინ არის იგი, რომ ღირდეს მისთვის ყურადღების მიქცევა?“ (ესაია 2:22). სწორედ ამიტომ, იეჰოვას მოწმეები არ იღებენ მონარქის დაბადების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობას.

    გვადალუპეს დღესასწაული

     სახელმწიფო დროშის დღე. იეჰოვას მოწმეები არ ზეიმობენ დროშის დღეს. რატომ? ბიბლიაში წერია: „შვილებო, თავი დაიცავით კერპებისგან“ (1 იოანე 5:21). დღეს ზოგი დროშას არ მიიჩნევს კერპად და თაყვანისცემის ობიექტად; თუმცა ამასთან დაკავშირებით ისტორიკოსი კარლტონ ჰეიზი შენიშნავს: „დროშა არის ნაციონალიზმის უმთავრესი სიმბოლო და თაყვანისცემის საგანი“.

     დღესასწაული, რომელიც განადიდებს წმინდანებს. გახსოვთ, რა მოხდა ერთხელ, როცა ერთმა ღვთისმოშიშმა კაცმა მდაბლად თაყვანი სცა მოციქულ პეტრეს? ბიბლიაში ვკითხულობთ: „პეტრემ წამოაყენა და უთხრა: ადექი, მეც ადამიანი ვარ“ (საქმეები 10:25, 26). ვინაიდან პეტრესთვის და სხვა მოციქულებისთვისაც მიუღებელი იყო განსაკუთრებული პატივისცემა და თაყვანისცემა, იეჰოვას მოწმეებიც არ მონაწილეობენ ისეთ დღესასწაულებში, რომლებშიც განდიდებულნი არიან წმინდანებად შერაცხული ადამიანები. ასეთ დღესასწაულებს განეკუთვნება შემდეგი დღესასწაულები:

    •  ყველა წმინდის დღე. „დღესასწაულის წარმოშობა, რომელიც ყველა წმინდის პატივსაცემად აღინიშნება ... ბუნდოვანი და გაურკვეველია“ („ახალი კათოლიკური ენციკლოპედია“).

    •  ღვთისმშობელ გვადალუპეს დღესასწაული. აღნიშნული დღესასწაულის დროს ხდება „მექსიკის მთავარი მფარველი წმინდანის“ განდიდება. გვადალუპეს იესოს დედასთან, მარიამთან აიგივებენ. არსებობს მოსაზრება, რომ ის სასწაულებრივად ეჩვენა ერთ გლეხს 1531 წელს (The Greenwood Encyclopedia of Latino Literature).

    •  სახელის ხსენების დღე (სახელობითი დღე). ერთ ნაშრომში აღნიშნულია: „სახელის ხსენების დღე არის იმ წმინდანისადმი მიძღვნილი დღე, რომლის სახელსაც არქმევენ ბავშვს ნათლობის ან მირონცხების დღეს. ამ დღესასწაულს მნიშვნელოვანი რელიგიური დატვირთვა აქვს“ (Celebrating Life Customs Around the World—From Baby Showers to Funerals).

     დღესასწაულები, რომლებიც დაკავშირებულია პოლიტიკურ ან სოციალურ ღონისძიებებთან. „იეჰოვასთან თავის შეფარება სჯობია ადამიანზე მინდობას“ (ფსალმუნი 118:8, 9). იეჰოვას მოწმეებს სწამთ, რომ მსოფლიო პრობლემებს ღმერთი გადაჭრის; ამიტომ ისეთი შთაბეჭდილება რომ არ შეიქმნას, თითქოს რომელიმე ადამიანზე ან ადამიანთა რომელიმე ჯგუფზე ამყარებენ იმედს, ისინი არ აღნიშნავენ „ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს“ ან „ქალთა დღეს“; ამ დღესასწაულებს საფუძვლად უდევს პოლიტიკური ან სოციალური მოვლენები. ამის გამო იეჰოვას მოწმეები არ იღებენ მონაწილეობას ეროვნულ განმათავისუფლებელ ან სხვა მსგავსი შინაარსის დღესასწაულებში. ნაცვლად ამისა, მათ სწამთ, რომ ღვთის სამეფო გადაჭრის იმ უამრავ პრობლემას, რომლებიც დაკავშირებულია რასიზმთან და უთანასწორობასთან (რომაელები 2:11; 8:21).

  •   ანიჭებს დღესასწაული ერთ რომელიმე ერს ან ეთნიკურ ჯგუფს უპირატესობას?

     ბიბლიური პრინციპი: „ღმერთი მიკერძოებული არ არის, არამედ ყოველ ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მქმნელი მოსაწონია მისთვის“ (საქმეები 10:34, 35).

     მართალია, იეჰოვას მოწმეებს უყვართ თავიანთი სამშობლო, მაგრამ ერიდებიან ისეთ დღესასწაულებში მონაწილეობას, რომელიც რომელიმე ერს განსაკუთრებულ პატივს მიაგებს და გამოარჩევს სხვა ერებისგან, მაგალითად:

     დღესასწაული, რომელიც პატივს მიაგებს და განადიდებს სამხედრო ძალებს. იესო არ ამართლებდა ომს. მან თავის მიმდევრებს უთხრა: „გიყვარდეთ თქვენი მტრები და ილოცეთ თქვენი მდევნელებისთვის“ (მათე 5:44). ამგვარად, იეჰოვას მოწმეები არ ზეიმობენ დღესასწაულებს, რომლებშიც განდიდებულნი არიან ჯარისკაცები და მებრძოლები. ასეთ დღესასწაულთა რიცხვში შედის:

    •  ანზაკის დღე. „ეს არის ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის შეიარაღებული ძალების დღე. დროთა განმავლობაში „ანზაკის დღის“ დღესასწაული ომში დაღუპულთა ხსენების დღედ იქცა“ (Historical Dictionary of Australia).

    •  ვეტერანთა დღე (ხსოვნის დღე, ხსოვნის კვირა, მემორიალური დღე). „ენციკლოპედია ბრიტანიკა“ აღნიშნავს: ამ დღესასწაულებზე ხდება შეიარაღებულ ძალთა ვეტერანთათვის და ომში დაღუპულთათვის პატივის მიგება“.

     ქვეყნის ისტორიისა და დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი დღესასწაულები. იესომ თავის მიმდევრებზე თქვა: „ისინი არ არიან ქვეყნიერების ნაწილი, როგორც მე არა ვარ ქვეყნიერების ნაწილი“ (იოანე 17:16). მართალია, იეჰოვას მოწმეებს აინტერესებთ თავიანთი ქვეყნისა და ერის ისტორია, მაგრამ ისინი არ მონაწილეობენ ქვეყნის ისტორიისა და დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ დღესასწაულებში. ასეთი დღესასწაულებია:

    •  ავსტრალიის დღე. ერთ-ერთი ენციკლოპედიის თანახმად, ეს დღესასწაული იმართება „იმ დღის აღსანიშნავად, როდესაც ინგლისელმა ჯარისკაცებმა დროშა აღმართეს და ამით ავსტრალია ახალ კოლონიად გამოაცხადეს. ეს მოხდა 1788 წელს“ (Worldmark Encyclopedia of Cultures and Daily Life).

    •  გაი ფოკსის დღე. ამ დღესასწაულზე იხსენებენ „გაი ფოკსისა და მისი კათოლიკე მხარდამჭერების წარუმატებელ მცდელობას, მოეკლათ მეფე ჯეიმზ I და ინგლისის პარლამენტის წევრები 1605 წელს“ (A Dictionary of English Folklore).

    •  დამოუკიდებლობის დღე. ზოგიერთ ქვეყანაში „ზეიმობენ ეროვნულ დღესასწაულებს, რომლებიც დაკავშირებულია თარიღთან, როდესაც ამა თუ იმ ქვეყანამ მოიპოვა დამოუკიდებლობა“ (Merriam-Webster’s Unabridged Dictionary).

  •    ხომ არ არის დღესასწაულისთვის დამახასიათებელი აღვირახსნილობა და უზნეობა?

     ბიბლიური პრინციპი: „თქვენთვის ისიც საკმარისია, რომ წინათ ქვეყნიერების ნებისამებრ იქცეოდით: ეძლეოდით თავაშვებულობას, ვნებებს, ღვინის უზომოდ სმას, ღრეობას, სმაში შეჯიბრებასა და კანონით დაუშვებელ კერპთაყვანისმცემლობას“ (1 პეტრე 4:3).

      ამ ბიბლიური რჩევის გათვალისწინებით, იეჰოვას მოწმეები არ მონაწილეობენ ისეთ დღესასწაულებში, სადაც ხდება უზომო სმა და ღრეობა. იეჰოვას მოწმეები სიამოვნებით იკრიბებიან მეგობრებთან ერთად; ისინი ალკოჰოლსაც სვამენ, ოღონდ, რა თქმა უნდა, ზომიერად. ისინი ყველანაირად ცდილობენ, გაითვალისწინონ შემდეგი ბიბლიური რჩევა: „ჭამთ, სვამთ თუ სხვა რამეს აკეთებთ, ყველაფერი ღვთის სადიდებლად აკეთეთ“ (1 კორინთელები 10:31).

     ამიტომ იეჰოვას მოწმეები არ დადიან კარნავალებსა და სხვა მსგავს დღესასწაულებზე, სადაც ადგილი აქვს უხამსობას და უზნეობას, რომელსაც განსჯის ბიბლია. ასეთ დღესასწაულთა რიცხვს განეკუთვნება „იუდაური ფურიმის ფესტივალი“. ამ დღესასწაულს დიდი ხნის ისტორია აქვს. ის ძვ. წ. მე-5 საუკუნეში დაარსდა და დაკავშირებული იყო ისრაელი ერის ხსნასთან. თუმცა „მან იცვალა პირველსახე და დღეს თავისუფლად შეიძლება ეწოდოს „მარდი გრასის კარნავალის“ იუდაური ვერსია,— ნათქვამია წიგნში „იუდაიზმის არსი“. ამ დღესასწაულზე მონაწილეები კოსტიუმებში არიან გამოწყობილები; ხშირად მამაკაცები ქალის ტანსაცმელს იცვამენ; დამსწრეები უზომოდ სვამენ და თავაშვებულად და ხმაურიანად ერთობიან“.

უყვართ იეჰოვას მოწმეებს თავიანთი ოჯახის წევრები, მიუხედავად იმისა, რომ მათთან ერთად არ აღნიშნავენ დღესასწაულებს?

 დიახ, უყვართ. ბიბლია ადამიანებს ასწავლის, რომ უყვარდეთ და პატივს სცემდნენ ოჯახის ყველა წევრს, მიუხედავად მათი რელიგიური შეხედულებებისა (1 პეტრე 3:1, 2, 7). როდესაც იეჰოვას მოწმე ბიბლიიდან ნასწავლის საფუძველზე წყვეტს, რომ არ მიიღოს ამა თუ იმ დღესასწაულში მონაწილეობა, შეიძლება ამის გამო მას ნათესავები გაუნაწყენდნენ, გული ეტკინოთ ან მოღალატედაც კი ჩათვალონ. ამიტომ იეჰოვას მოწმეები საქმით ავლენენ მათდამი სიყვარულს, ტაქტიანად უხსნიან ნათესავებს თავიანთი გადაწყვეტილების მიზეზს და სხვა დროს სტუმრობენ მათ.

მოუწოდებენ იეჰოვას მოწმეები სხვებს იმისკენ, რომ არ იზეიმონ ესა თუ ის დღესასწაული?

 არა. მათ მიაჩნიათ, რომ თითოეულმა ადამიანმა თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება (იესო ნავეს ძე 24:15). იეჰოვას მოწმეები ყველანაირ ადამიანს სცემენ პატივს, მიუხედავად მათი რელიგიური შეხედულებებისა (1 პეტრე 2:17).

a ამ სტატიაში არაა ჩამოთვლილი ყველა ის დღესასწაული, რომელთა აღნიშვნისგანაც იეჰოვას მოწმეები თავს იკავებენ; არც ამ საკითხთან დაკავშირებული ყველა ბიბლიური პრინციპია განხილული.

b ზოგიერთ ქვეყანაში პირველი მაისის დღესასწაული (პირველმაისობა) დაკავშირებულია მშრომელთა საერთაშორისო დღესთან. თუმცა, ეს დღესასწაული სათავეს იღებს ძველი რომიდან. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ 2005 წლის 22 აპრილის „გამოიღვიძეთ!“, გვ. 12—14, სტატია „პირველი მაისი რა მნიშვნელობა აქვს ამ დღეს თქვენთვის?“