არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

დაადგინეთ კონკრეტული საზღვრები

დაადგინეთ კონკრეტული საზღვრები

იყავით მტკიცე და სიტყვის შემსრულებელი

„მარტოხელა მშობლისთვის შვილების აღზრდა ნამდვილად არ არის იოლი, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბავშვები მოზარდები ხდებიან. ამ ასაკში, როგორც წესი, მოზარდები სხვების გავლენის ქვეშ ექცევიან და მშობლების წინააღმდეგ მიდიან“ (დალსი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა).

პრობლემა.

ბიბლიამ იწინასწარმეტყველა, რომ „ბოლო დღეებში“ ბავშვები იქნებოდნენ „მშობლების ურჩები“ (2 ტიმოთე 3:1, 2).

რჩევები.

„ბავშვებმა უნდა იცოდნენ მშობლის მიერ დადგენილი წესები“, — ამბობს პედაგოგი მეით ვალეტი. ბავშვთა და ოჯახის ფსიქოლოგი ბარი გინსბერგი აღნიშნავს: „ურთიერთობა სასიამოვნო და ნაკლებად სტრესულია, როცა ბავშვს ესმის, რის გაკეთება შეიძლება და რის — არა. რაც უფრო კარგად ესმის ბავშვს მშობლის მიერ დადგენილი წესები, მით უფრო მეტი ჰარმონია სუფევს ოჯახში“. რა უნდა გააკეთოთ, რომ ბავშვებს კარგად ესმოდეთ ოჯახში დადგენილი წესები.

იყავით მტკიცე და სიტყვის შემსრულებელი (მათე 5:37). ავსტრალიაში ჩატარებული ერთ-ერთი კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ როცა მშობლები ბავშვებს უარს არაფერზე ეუბნებიან და ყველაფრის ნებას რთავენ, ბავშვები თამამდებიან და ხშირ შემთხვევაში ცუდად იქცევიან. ბიბლიაში ვკითხულობთ: „თავის ნებაზე მიშვებული ყმაწვილი დედის შემარცხვენელია“ (იგავები 29:15).

შესაძლოა თავს დამნაშავედ გრძნობთ იმის გამო, რომ თქვენი შვილი მეორე მშობლის გარეშე იზრდება, მაგრამ ნუ დაუშვებთ, რომ ზედმეტად ლმობიერი გახდეთ. ზემოთ მოხსენიებული ჟასმინი ამბობს: „ზოგჯერ ძალიან მეცოდებოდნენ ჩემი ბიჭები იმის გამო, რომ მამის გარეშე იზრდებოდნენ“. სტატიაში მოგვიანებით დავინახავთ, რომ ამას ხელი არ შეუშლია მისთვის გაწონასწორებულობის შენარჩუნებაში.

ნუ იქნებით მერყევი. ერთ ჟურნალში ნათქვამია: „თუ ბავშვი გამოცდილების შედეგად ისწავლის, რომ ცუდად მოქცევის შემთხვევაში დაუსჯელი არ დარჩება, ის ყოველთვის ეცდება, კარგად მოიქცეს და ემოციურადაც სტაბილურ ადამიანად ჩამოყალიბდება“ (American Journal of Orthopsychiatry). ჟასმინი აღნიშნავს: „ჩემს ბიჭებს გვერდით მოვისვამდი და ვსაუბრობდით, როგორ დაისჯებოდნენ, თუ არ დამიჯერებდნენ. სიტყვას არასოდეს გადავდიოდი. თუმცა ჯერ ვუსმენდი მათ, შემდეგ მშვიდად ვუხსნიდი, როგორ იმოქმედა ოჯახის სხვა წევრებზე მათმა არასწორმა საქციელმა და ამის შემდეგ ვსჯიდი ზუსტად ისე, როგორც ნათქვამი მქონდა“.

იყავით გონიერი და ცხელ გულზე ნუ დასჯით ბავშვს. მართალია, პრინციპულობა აუცილებელია, მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ სიტუაციის შესაბამისად უნდა ვიქცეოდეთ. „ზემოდან [ღვთისგან] მომავალ სიბრძნეს . . . ახასიათებს გონიერება“, — ნათქვამია იაკობის 3:17-ში. გონიერი ადამიანი ნაჩქარევად, ცხელ გულზე არ იღებს გადაწყვეტილებას და მკაცრ წესებსაც არ მიჰყვება ყოველთვის. ის პირველ რიგში ფიქრობს და ლოცულობს. შემდეგ კი მშვიდად და სიტუაციის შესაბამისად მოქმედებს.

თუ იქნებით სიტყვის შემსრულებლები, გონიერები და ამავე დროს კარგ მაგალითს მისცემთ შვილებს, ეს დაგეხმარებათ ზღვრის დადგენაში. ამ დროს თქვენი სახლი ნამდვილი თავშესაფარი იქნება.