არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ხელი არასდროს ჩაუქნევიათ ჩემზე

ხელი არასდროს ჩაუქნევიათ ჩემზე

მიყვარდა დალევა და ჩხუბი. მაგრამ ერთმა ტრაგიკულმა ამბავმა საერთოდ შემიცვალა ცხოვრებაზე შეხედულება.

დავიბადე 1943 წელს ქალაქ რუბოტომში, ოკლაჰომას შტატში. ბავშვობიდანვე მივეჩვიე ჩხუბსა და ძალადობას. სკოლის პერიოდში დალევაც დავიწყე. მამაჩემიც სვამდა, პათოლოგიური ლოთი იყო. ამიტომ მამა-შვილი ერთმანეთს იდეალურად ვუგებდით. კლუბებში და სხვა ასეთ ადგილებში სულ ერთად დავდიოდით მარტო იმიტომ, რომ დაგველია და გვეჩხუბა.

1966 წელს ცოლად მოვიყვანე შერლი. შეგვეძინა ორი შვილი, ანჯელა და შონი. მაგრამ დალევას თავი მაინც ვერ დავანებე. მეტი შემოსავალი რომ მქონოდა, მარიხუანას მოყვანა და გაყიდვა დავიწყე. სხვადასხვა ბარებსა და კლუბებში ვმუშაობდი. ჩემი საქმე იყო არასასურველ, დაუპატიჟებელ სტუმრებთან საქმის მოგვარება. იქ ისეთი სიტუაცია იყო შექმნილი, რომ თავისუფლად ვიკმაყოფილებდი დალევისა და ჩხუბის დაუცხრომელ მოთხოვნილებას. იმ პერიოდში არავისი და არაფრის არ მეშინოდა. საერთოდ არ მაღელვებდა სხვისი გრძნობები.

„არ დავინახო ჩემთან ვინმე სალაპარაკოდ მოსული!“

შერლის ბიძაშვილი საცხოვრებლად კალიფორნიაში გადავიდა. მან იქ ბიბლიის შესწავლა დაიწყო და იეჰოვას მოწმე გახდა. ოკლაჰომაში დაბრუნების შემდეგ შერლის თავის ახლადშეძენილ რწმენაზე ესაუბრებოდა ხოლმე. ის მალევე მიხვდა, რომ ეს ჭეშმარიტება იყო. ბიბლიის გულდასმით შესწავლის შემდეგ შერლიმ გადაწყვიტა, იეჰოვას მოწმე გამხდარიყო და 1976 წელს მოინათლა. მე პირადად არაფრის შეცვლას არ ვაპირებდი. „არ დავინახო ჩემთან ვინმე სალაპარაკოდ მოსული! მაინც არანაირი აზრი არა აქვს“, — ვუთხარი ერთხელ შერლის.

შერლის არასოდეს უღალატია ბიბლიური პრინციპებისთვის და თან ჩემდამი ყოველთვის სიყვარულს ავლენდა. როცა ის ბავშვებთან ერთად ქრისტიანულ შეხვედრაზე მიდიოდა, ყოველთვის თბილად მეპატიჟებოდა და მთხოვდა, მათთან ერთად წავსულიყავი. ჩემი ქალიშვილი ანჯელაც ხშირად მეუბნებოდა ხოლმე: „მამი, წამო რა ჩვენთან ერთად კრებაზე“.

რადგანაც უკანონო საქმიანობას ვეწეოდი, ხშირად იარაღით დავდიოდი. ზოგჯერ დღეები ისე გადიოდა, რომ სახლში საერთოდ არ მივდიოდი, რის გამოც მეუღლესთან ურთიერთობები მეძაბებოდა. დანაშაული რომ გამომესყიდა და შერლის გული მომეგო, რამდენჯერმე კრებას დავესწარი.  მოწმეები ყოველთვის თბილად მხვდებოდნენ და მათი სწავლებები რაღაცნაირად ლოგიკური და აზრიანი მეჩვენებოდა.

ცოტა ხანში კრების უხუცესმა ბიბლიის შესწავლა შემომთავაზა. მეც, ასე ვთქვათ, მივიღე მისი შემოთავაზება. სამწუხაროდ, ნასწავლი ჩემზე დიდად არ მოქმედებდა და ეს პირველ რიგში იმიტომ, რომ ძველ მეგობრებთან ურთიერთობას არ ვწყვეტდი. უხუცესმა ზოგი ბიბლიური პრინციპი გამაცნო იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად სახიფათოა ცუდ საზოგადოებასთან ურთიერთობა (1 კორინთელები 15:33). მიუხედავად იმისა, რომ მისი ეს რჩევა ბიბლიაზე იყო დაფუძნებული, არ მესიამოვნა და სწავლა შევწყვიტე. ამის შემდეგ უფრო აქტიურად ჩავები ძველ საქმეებში. ჩემმა სულელურმა სიამაყემ დიდი ტკივილი მიაყენა შერლისა და ბავშვებს.

„ჩვენ ისევ გვიყვარხარ“

1983 წელს შერლის დისშვილი, რომელიც მართლა ძალიან მიყვარდა, მოულოდნელად გარდაიცვალა. ამან ჩემზე ძალიან იმოქმედა. მივხვდი, რომ ჩემი საქციელით ოჯახის წევრებს გულს ვტკენდი — გულს ვტკენდი ჩემთვის ყველაზე ძვირფას ადამიანებს. ეს გარდამტეხი მომენტი აღმოჩნდა ჩემს ცხოვრებაში. დაკრძალვაზე ერთი უხუცესი, ჯონი, ჩემთან მოვიდა, მხარზე ხელი დამადო და მითხრა: „მინდა იცოდე, რომ ჩვენ ისევ გვიყვარხარ“. ამ სიტყვების მოსმენა იმ წუთას ძალიან მჭირდებოდა. მეორე დღეს ჯონის დავურეკე და ვუთხარი, რომ ბიბლიის შესწავლის გაგრძელება მინდოდა. იმედი მქონდა, რომ ამჯერად მაინც შევიცვლებოდი.

პირველ შეხვედრაზე ლოცვის თემა განვიხილეთ; ჯონის ვუთხარი, შევეცდები ვილოცო-მეთქი. მეორე დღეს ქრისტიანისთვის შესაფერისი სამუშაოს მოძებნა დავიწყე. მანქანაში ჩავჯექი და ხმამაღლა ვილოცე: „იეჰოვა, თუ გინდა, რომ აქ დავრჩე, კეთილი ინებე და სამუშაო მაპოვნინე“. მერე გავიფიქრე: „სისულელეა, საკუთარ თავს ველაპარაკები, ეგ არის და ეგ“. ნათელი იყო, რომ დრო მჭირდებოდა ლოცვების გასაუმჯობესებლად და იმაში დასარწმუნებლად, რომ იეჰოვა „ლოცვების მომსმენი“ ღმერთია (ფსალმუნი 65:2). ისე, ცოტა დაუჯერებელია, მაგრამ სამუშაო მეორე დღესვე ვიშოვე.

ამის შემდეგ უფრო ხშირად და გულწრფელად ვლოცულობდი. არაერთხელ დავინახე იეჰოვას კურთხევა. ღმერთის ყოველთვის კი მწამდა, მაგრამ ამ შემთხვევებმა დამარწმუნა, რომ ის, რაც 1 იოანეს 5:14-ში წერია აბსოლუტური ჭეშმარიტება იყო: „რაც უნდა ვთხოვოთ მისი ნებისამებრ, ის გვისმენს“. როცა ლოცვის ძალა საკუთარ თავზე გამოვცადე, იეჰოვასადმი სიყვარული უფრო გამიღრმავდა და დავრწმუნდი, რომ მისი მითითებები საუკეთესოა (იგავები 3:5, 6).

 კვლავ დავიწყე კრების შეხვედრებზე სიარული. მოწმეები თბილად მხვდებოდნენ. ვხედავდი, რომ მათ მართლა მთელი გულით უყვარდათ ერთმანეთი. ეს ძალიან მოქმედებდა ჩემზე (1 პეტრე 1:22). ახლა უკვე მესმის, რომ იგავების 13:20-ში სრული სიმართლეა ჩაწერილი: „ბრძენებთან მოსიარულე თავადაც დაბრძენდება, სულელებთან საქმის დამჭერი კი ხიფათს გადაეყრება“.

წლების განმავლობაში ჩემი ოჯახისთვის არაერთი ტკივილი მიმიყენებია, მაგრამ ახლა ყველაფერს ვაკეთებ იმისათვის, რომ ოჯახში მშვიდი და სასიამოვნო ატმოსფერო სუფევდეს. ვცდილობ, ვიყო კარგი მეუღლე და კარგი მამა. ვითვალისწინებ იმ ბიბლიურ რჩევას, რომელიც ოჯახის თავებს მოუწოდებს, „ისე უყვარდეთ ცოლები, როგორც საკუთარი სხეულები“ და „არ გააღიზიანონ შვილები“ (ეფესოელები 5:28; კოლოსელები 3:21).

ცვლილებებმა, რომელიც ცხოვრებაში მოვახდინე, დიდი გავლენა იქონია ჩემს ოჯახზე. აშკარად დავინახე იესოს სიტყვების ჭეშმარიტება: „ბედნიერნი არიან სულიერს მოწყურებულნი, რადგან მათია ზეციერი სამეფო“ (მათე 5:3). როგორც იქნა ვიპოვე ნამდვილი ბედნიერება!

1984 წლის ივნისში იეჰოვას მოწმეების სპეციალურ კონგრესზე ანჯელასგან ინტერვიუ აიღეს. ის მოყვა, თუ რა ცხოვრებას ეწეოდა ადრე მამამისი, მაგრამ როგორ შეიცვალა. ბოლოს ძალიან ბედნიერმა და გახარებულმა თქვა, დღეს ამ კონგრესზე მამაჩემი ინათლებაო.

მე და შერლი

ძალიან მადლიერი ვარ, რომ იეჰოვამ ჩემნაირ ადამიანზე ხელი არ ჩაიქნია. ჩემს ცოლ-შვილსაც უზომოდ ვემადლიერები. შერლი ერთგულად იცავდა 1 პეტრეს 3:1-ში ჩაწერილ სიტყვებს: „ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს, რათა ისინი, ვინც სიტყვას არ ემორჩილებიან, უსიტყვოდ იქნენ მოპოვებულნი ცოლების საქციელით“. მისი ერთგულება, მოთმინება და კარგი საქციელი დამეხმარა, შემეცვალა მერყევი ხასიათი და ბოლოს და ბოლოს სწორ გზაზე დავმდგარიყავი.

მონათვლის შემდეგ ჩემს ამბავს იმ ქრისტიანებს ვუყვები, ვისი მეუღლეებიც არ არიან იეჰოვას მოწმეები და ვეუბნები, რომ როგორც შერლიმ არ დაყარა ფარ-ხმალი, მათაც არ ჩაიქნიონ თავიანთ მეუღლეებზე ხელი. ხშირად შევახსენებ ხოლმე, რომ თავიანთი კარგი საქციელით და ბიბლიის მეშვეობით იეჰოვა თავის დროზე აუცილებლად შეცვლის მათ მეუღლეებს, თუნდაც ეს ერთი შეხედვით შეუძლებელი ჩანდეს.

როცა ლოცვის ძალა საკუთარ თავზე გამოვცადე, იეჰოვასადმი სიყვარული უფრო გამიღრმავდა და დავრწმუნდი, რომ მისი მითითებები საუკეთესოა