არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

 ახალგაზრდების შეკითხვები

როგორ გავუმკლავდე სტრესს?

როგორ გავუმკლავდე სტრესს?

 

  • სულ სტრესში ვარ
  • ზღვარზე ვარ
  • ვართმევ თავს
  • სტრესი? ეგ რა არის?

სტრესთან გამკლავება შეიძლება შევადაროთ კონტეინერით ტვირთის გადატანას. სატვირთო მანქანას ტვირთის გადაზიდვა თავისუფლად შეუძლია, მსუბუქ მანქანას კი არა. ამხელა ტვირთის გაწევა, თუნდაც მცირე მანძილზე, მწყობრიდან გამოიყვანს მსუბუქი მანქანის ძრავას. იმავეს თქმა შეიძლება შენს „ძრავაზეც“, თუ სტრესი მოგერია.

სიტუაცია ნამდვილად არ არის გამოუვალი. რომ არ „გადაიწვა“ ან ტვირთი უნდა შეამცირო ან „ძრავა“ უნდა გამოცვალო და უფრო ძლიერი „ჩაიდგა“. სინამდვილეში, ორივეს გაკეთება შეგიძლია. ვნახოთ, როგორ.

ტვირთი შეიმსუბუქე

პრობლემა: გაუწონასწორებლობა.

„რა საქმეც არ უნდა მქონდეს გასაკეთებელი, მიჭირს უარის თქმა, როცა ვინმე დახმარებას მთხოვს“ (კარინა). *

გამოსავალი: ისწავლე უარის თქმა.

„სიბრძნე მოკრძალებულებთანაა“ — ნათქვამია ბიბლიაში (იგავები 11:2). მოკრძალება ანუ საკუთარი შეზღუდული შესაძლებლობების აღიარება, ძალას მოგცემს უარი თქვა იმ ტვირთის ტარებაზე, რომელიც შენთვის მძიმეა.

თუმცა ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ უარის თქმა, ყოველთვის არ არის გამოსავალი, მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუ მშობლები შეგახსენებენ, რომ სახლის საქმეები გაქვს გასაკეთებელი. მაგრამ თუ ყველას მისცემ ნებას, შენს სატარებელ ტვირთს თავიანთიც დაუმატონ, დროთა განმავლობაში ვეღარ შეძლებ მის ტარებას. დიდ სატვირთო მანქანასაც კი განსაზღვრული რაოდენობის ტვირთის ტარება შეუძლია.

რჩევა: თუ გიჭირს ვინმესთვის პირდაპირ უარის თქმა, ასეთი რამ უთხარი: „მოვიფიქრებ და პასუხს მოგვიანებით გეტყვი“. პასუხის გაცემამდე დაფიქრდი,  გაქვს თუ არა საჭირო დრო და ძალა ამ საქმისთვის.

პრობლემა: საქმის გაჭიანურება.

„რთულ საქმეს სხვა დროისთვის გადავდებ ხოლმე, მაგრამ შემდეგ ვნერვიულობ, რომ ის საქმე ისევ გასაკეთებელი მრჩება. ბოლოს ისეთი ფაციფუცით მიწევს კეთება, რომ სტრესში ვვარდები“ (ზერინა).

გამოსავალი: მაშინვე დაიწყე, თუნდაც ვერ დაამთავრო.

„საქმეში ნუ იზოზინებთ“, — გვირჩევს ბიბლია (რომაელები 12:11). რთულ საქმესთან ჭიდილი ადვილი არ არის, ამიტომ გაჭიანურებით საქმეს უფრო გაართულებ, ის კი დიდხანს დაგრჩება გასაკეთებელი.

მეტი მოტივაციისთვის სია შეადგინე. დიდი საქმეები რამდენიმე ნაწილად დაყავი. ერთი ახალგაზრდა ქალი, სახელად კაროლი თავის აზრს გვიზიარებს:  „მიყვარს სიის ჩამოწერა. თავში იმ საქმეებს ვწერ, რომელთა გაკეთებაც ყველაზე მეტად არ მიყვარს, მერე კი, როცა მათ მოვიშორებ, სტრესიც ნაკლები მაქვს. გააზრებას ვერ ასწრებ, ისე გადადიხარ იმ საქმეებზე, რომელიც უფრო მეტად გსიამოვნებს“.

რჩევა: თუ გიჭირს საქმის დაწყება, საათი დააყენე ისე, რომ 10—15 წუთში დარეკოს, თან შეუდექი ამ საქმის კეთებას. როცა გავა ეს დრო და საათი დარეკავს, 10—15 წუთის სამუშაო უკვე შესრულებული გექნება. ახლა, როცა საქმე უკვე დაწყებული გაქვს, გაგიკვირდება, რა ადვილია მისი გაგრძელება.

ოთახი ყოველთვის დალაგებული გქონდეს. სტრესის მიზეზი შეიძლება ისიც გახდეს, რომ მიყრილ-მოყრილ ნივთებში ტანსაცმელს ან საშინაო დავალების რვეულს ვერ პოულობ. ასეთი კოშმარული დილა თავიდან რომ აირიდო, კარგი იქნება ღამე, სანამ დასაძინებლად წახვალ, ხუთი წუთი მაინც დაუთმო ოთახის დალაგებას.

„ძრავა“ გაიძლიერე

იზრუნე ჯანმრთელობაზე.

სპეციალისტების აზრით, ადამიანს ჯანსაღი კვება, რეგულარული ვარჯიში და საკმარისი ძილი ეხმარება, გახდეს უფრო შრომისუნარიანი. საკუთარ სხეულზე ზრუნვა არც ისე რთულია. რამდენიმე მარტივი ნაბიჯი დაგეხმარება, ამასაც მოაბა თავი. მაგალითად, რაც შეეხება ძილს, ეცადე გაითვალისწინო შემდეგი: *

  1. საკმარისად იძინე. ერთსა და იმავე დროს დაწექი და ადექი სწავლის ან სამუშაო დღეებში მაინც.
  2. დაძინებამდე ეცადე, ძალიან არ დაიტვირთო. არ ივარჯიშო დაძინებამდე 3 საათი. მოერიდე ძილის წინ ბევრ ჭამას და კოფეინის შემცველი სასმელების მიღებას.
  3. საძინებელ ოთახში მშვიდი და კომფორტული გარემო შეიქმენი და ძილის წინ ოთახი დააბნელე.

სხვები დაიხმარე.

ნუ მოგერიდება, დახმარებისთვის მშობლებსა და მეგობრებს მიმართო. კვლევებმა დაამტკიცა, რომ ემოციური მხარდაჭერა ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს და აძლიერებს იმუნურ სისტემას, რაც ხშირ შემთხვევაში ძლიერი სტრესითაა გამოწვეული.

ეს მოსაზრება სავსებით ეთანხმება ბიბლიაში ჩაწერილ სიტყვებს: „წუხილი გულს უმძიმებს ადამიანს, კეთილი სიტყვა კი გულს ახალისებს“ (იგავები 12:25). როდესაც საწუხარი გთრგუნავს, ნამდვილ მეგობრებს შეუძლიათ „კეთილი სიტყვით“ გაგამხნევონ, რაც შეიძლება იმ დროს შენთვის წამალივით დამხმარე აღმოჩნდეს.

კვლავაც ფიქრობ, რომ დახმარება გჭირდება სტრესთან გამკლავებაში? მაშინ შეგიძლია წაიკითხო ორტომიანი წიგნის „ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები“, შემდეგი თავები:

ტომი 1

  • თავი 18: რა გაუძლებს ამდენ სტრესს სკოლაში?
  • თავი 21: როგორ გავანაწილო დრო გონივრულად?

ტომი 2

  • თავი 26: როგორ ვმართო ემოციები?
  • თავი 27: რატომ ვთხოვ საკუთარ თავს ამდენს?

^ აბზ. 12 ზოგი სახელი შეცვლილია.

^ აბზ. 24 რჩევები საკვებსა და ვარჯიშთან დაკავშირებით იხილე წიგნში „ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები“, ტომი 1, თავი 10.

გაიგე შენი მშობლების აზრი

ცხოვრებაში რა სტრესის გადატანა მოგიწიათ და როგორ გადაიტანეთ?

შეამოწმე, შეუძლია თუ არა შენს „ძრავას“ შენი ტვირთის ტარება