არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მე-5 გაკვეთილი

ღმერთი ბიბლიის მეშვეობით გვესაუბრება

ღმერთი ბიბლიის მეშვეობით გვესაუბრება

ღმერთმა შესანიშნავი საჩუქარი გვიბოძა — ბიბლია, რომელიც 66 წიგნისგან შედგება. მაგრამ შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა: ვინ დაწერა ბიბლია და ვინ არის მისი ავტორი? ამ კითხვას რომ პასუხი გავცეთ, მოდი ჯერ გავიგოთ, როგორ მოაღწია ბიბლიამ ჩვენამდე.

1. თუ ბიბლია ადამიანებმა დაწერეს, ღმერთი როგორღაა მისი ავტორი?

ბიბლიას დაახლოებით 40 მამაკაცი წერდა 16 საუკუნის განმავლობაში, ძვ. წ. 1513 წლიდან ახ. წ. 98 წლამდე. ეს ადამიანები ერთმანეთისგან განსხვავდებოდნენ წარმომავლობით, განათლებითა თუ სხვა ნიშან-თვისებით. მიუხედავად ამისა, ბიბლიის ყველა წიგნი ურთიერთშეთანხმებულია. ამის მიზეზი ისაა, რომ მას ერთი ავტორი ჰყავს — ღმერთი (წაიკითხეთ 1 თესალონიკელების 2:13). ბიბლიის დამწერებს საკუთარი ნააზრევი არ გადმოუციათ. მათ, „წმინდა სულით აღძრულთ, ღმერთი ალაპარაკებდა“ a (2 პეტრე 1:21). ღმერთი წმინდა სულით შთააგონებდა ამ მამაკაცებს და ისინიც ღვთის აზრებს წერდნენ (2 ტიმოთე 3:16).

2. ვისთვისაა ბიბლია ხელმისაწვდომი?

ღვთის სიტყვა ხელმისაწვდომია „ყოველი ერისთვის, ტომისთვის, ენისა და ხალხისთვის“ (წაიკითხეთ გამოცხადების 14:6). ღმერთმა იზრუნა, რომ ბიბლია რაც შეიძლება მეტ ენაზე თარგმნილიყო. მისი წაკითხვა დღეს თითქმის ყველა ადამიანს შეუძლია, სადაც არ უნდა ცხოვრობდნენ და რომელ ენაზეც არ უნდა საუბრობდნენ.

3. როგორ მოაღწია ბიბლიამ ჩვენს დრომდე?

ღვთის სიტყვა არცთუ ისე გამძლე მასალებზე დაიწერა, მაგალითად, პერგამენტსა და პაპირუსზე. ამიტომ ღვთის სიტყვის მოყვარული მამაკაცები საკუთარი ხელით წერდნენ და ამგვარად ამრავლებდნენ მის ასლებს. მართალია, ღვთის სიტყვას ბევრი ძლიერი და დაუძინებელი მტერი ჰყავდა, მაგრამ ყოველთვის არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ, საკუთარი სიცოცხლის ფასადაც კი გადაერჩინათ ის. იეჰოვამ არავის და არაფერს დართო იმის ნება, რომ ბიბლიურ ცნობას ხალხის ყურამდე ვერ მიეღწია. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ღვთის სიტყვა მარადიულად რჩება“ (ესაია 40:8).

გაიღრმავეთ ცოდნა

ქვემოთ შეიტყობთ, თუ როგორ წერდნენ ბიბლიას ღვთის შთაგონებით ადამიანები, როგორ შემოგვინახა ღმერთმა თავისი სიტყვა და როგორ იზრუნა იმაზე, რომ მისი წაკითხვა ყველას შეძლებოდა.

4. ბიბლია გვიმჟღავნებს თავისი ავტორის ვინაობას

ნახეთ ვიდეო. შემდეგ წაიკითხეთ 2 ტიმოთეს 3:16 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:

  • თუ ადამიანებმა დაწერეს ბიბლია, რატომღა ვუწოდებთ მას „ღვთის სიტყვას“?

  • რამდენად სარწმუნოა თქვენთვის, რომ ბიბლია ღვთის შთაგონებით დაწერეს ადამიანებმა?

წერილს მდივანი წერს, თუმცა წერილში მისი დამსაქმებლის აზრებია. მსგავსად ამისა, ბიბლია ადამიანებმა დაწერეს, მაგრამ მასში ღვთის აზრებია მოცემული.

5. ბიბლიამ არაერთ თავდასხმას გაუძლო

თუკი ბიბლია ღვთის სიტყვაა, ლოგიკურია, რომ ღმერთი მის დაცვაზეც იზრუნებდა. ისტორიის მანძილზე მას ბევრი გავლენიანი მტერი ჰყავდა, რომლებიც მის განადგურებას ცდილობდნენ. სასულიერო პირები ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ბიბლიურ ცნობას ხალხის ყურამდე ვერ მიეღწია. მიუხედავად წინააღმდეგობისა, არსებობდნენ ისეთებიც, რომლებიც ღვთის სიტყვის დასაცავად სიკვდილზეც კი არ იხევდნენ უკან. მოდი შევიტყოთ მეტი ერთი ასეთი მამაკაცის შესახებ. ნახეთ ვიდეო და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:

  • აღგიძრავთ ბიბლიისადმი ინტერესს იმის ცოდნა, რომ ბევრი მის გამო საკუთარ სიცოცხლესაც კი იგდებდა საფრთხეში?

წაიკითხეთ ფსალმუნის 119:97 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:

  • რა უბიძგებდა ადამიანებს, რომ ღვთის სიტყვის სათარგმნად და გასავრცელებლად საკუთარ სიცოცხლესაც კი შელეოდნენ?

6. წიგნი ყველასთვის

ბიბლია ყველაზე მეტ ენაზე ნათარგმნი და ყველაზე ფართოდ გავრცელებული წიგნია. წაიკითხეთ საქმეების 10:34, 35 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:

  • რატომ იზრუნა ღმერთმა, რომ მისი სიტყვა ამდენ ენაზე თარგმნილიყო და ყველასთვის ხელმისაწვდომი გამხდარიყო?

  • რატომ არის ბიბლია თქვენთვის განსაკუთრებული წიგნი?

მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის

100%-ს

შეუძლია ბიბლიის წაკითხვა

მისთვის გასაგებ ენაზე.

ნათარგმნია

3 000-ზე

მეტ ენაზე

მთლიანად ან ნაწილობრივ.

5 000 000 000-მდე

ეგზემპლარი გამოიცა.

ამხელა ტირაჟით სხვა არცერთი წიგნი არ გამოცემულა.

ზოგი ამბობს: „ბიბლია ადამიანების დაწერილი ერთი ძველი წიგნია“.

  • თქვენ რას ფიქრობთ?

  • რა მოწმობს იმაზე, რომ ბიბლია ღვთის სიტყვაა?

შეჯამება:

ბიბლია ღვთის სიტყვაა; ღმერთმა იზრუნა, რომ ის ყველასთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო.

გასამეორებელი კითხვები:

  • რას ნიშნავს ის, რომ ბიბლია ადამიანებმა ღვთის შთაგონებით დაწერეს?

  • რატომ არის საყურადღებო, თუ რა გზა განვლო ღვთის სიტყვამ თქვენამდე მოსაღწევად? დღეს რამდენად ხელმისაწვდომია ის მსოფლიოს მოსახლეობისთვის?

  • რა გრძნობებს ბადებს თქვენში ის, რომ ღმერთმა თავისი სიტყვა თქვენთვისაც ხელმისაწვდომი გახადა?

მიზანი:

გაიგეთ მეტი:

გაეცანით ბიბლიის ისტორიას — როგორ ამრავლებდნენ ბიბლიის დედნისეულ ხელნაწერებს და როგორ თარგმნიდნენ უამრავ ენაზე.

„როგორ მოაღწია ბიბლიამ ჩვენამდე“ („გამოიღვიძეთ!“, ნოემბერი, 2007)

შეიტყვეთ, რომელი სამი საფრთხის წინაშე იდგა ბიბლია.

„ბიბლია — სასწაულებრივად გადარჩენილი წიგნი“ („საგუშაგო კოშკი“, №4, 2016)

გაიგეთ იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც ბიბლიის სათარგმნად სიკვდილსაც კი არ უშინდებოდნენ.

„ისინი დიდად აფასებდნენ ბიბლიას“ (14:26)

ბიბლიის ტექსტი ბევრჯერ გადაიწერა ხელით და ბევრ ენაზე ითარგმნა. მიუხედავად ამისა, რა გვარწმუნებს იმაში, რომ ბიბლიამ ჩვენამდე უცვლელად მოაღწია?

„უცვლელად მოაღწია ბიბლიამ ჩვენამდე?“ (სტატია ვებგვერდზე)

a მე-7 გაკვეთილიდან შეიტყობთ, რომ წმინდა სული ღვთის მოქმედი ძალაა.