არჩეულ მასალაზე გადასვლა

ახალგაზრდების შეკითხვები

შემოქმედება თუ ევოლუცია? — ნაწილი 1: რატომ მწამს ღმერთი?

შემოქმედება თუ ევოლუცია? — ნაწილი 1: რატომ მწამს ღმერთი?

 შემოქმედება თუ ევოლუცია?

 გჯერა, რომ ღმერთმა შექმნა ყველაფერი? თუ ასეა, შენ ერთადერთი არ ხარ. ბევრ ახალგაზრდას და ზრდასრულს სჯერა ამის. თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც ფიქრობენ, რომ სიცოცხლე და სამყარო თავისით, „უზენაესი არსების“ გარეშე გაჩნდა.

 იცოდი თუ არა? ორივე კატეგორიის ადამიანები ხშირ შემთხვევაში დაუყოვნებლივ გიპასუხებენ, რა სწამთ, მაგრამ სინამდვილეში არც კი იციან, რატომ სწამთ.

  •   ზოგს შემოქმედების მხოლოდ იმიტომ სჯერა, რომ ასე ასწავლეს ეკლესიაში.

  •   ბევრს ევოლუციის მხოლოდ იმიტომ სჯერა, რომ ასე ასწავლეს სკოლაში.

 სტატიათა ეს სერია დაგეხმარება, გაიძლიერო რწმენა შემოქმედებისადმი და შეძლო მისი სხვებისთვის უკეთ ახსნა. უპირველესად, ჰკითხე საკუთარ თავს:

 რატომ მწამს ღმერთი?

 რატომ არის ამ კითხვაზე დაფიქრება მნიშვნელოვანი? ბიბლია მოგვიწოდებს, გამოვავლინოთ გონიერება და გვქონდეს საღი აზროვნება (რომაელები 12:1). ეს იმას ნიშნავს, რომ ღვთისადმი ჩვენს რწმენაზე არ უნდა მოქმედებდეს:

  •  ემოციები (უბრალოდ იმის შეგრძნება, რომ არსებობს რაღაც ზებუნებრივი ძალა)

  •  სხვები (რელიგიურ გარემოში ცხოვრება)

  •  გავლენა (მშობლების მიერ ჩანერგილი მრწამსი ან სხვა რამ)

 ნაცვლად ამისა, პირადად უნდა იყო დარწმუნებული ღვთის არსებობაში და ამის საფუძვლიანი მიზეზი უნდა გაგაჩნდეს.

 რა გარწმუნებს ღვთის არსებობაში? სამუშაო ფურცელზე მოცემული სავარჯიშო „რატომ მწამს ღმერთი?“ დაგეხმარება რწმენის განმტკიცებაში. შენთვის შეიძლება დამხმარე აღმოჩნდეს იმის ცოდნა, თუ როგორ პასუხობენ ამ კითხვას შენი თანატოლები.

 „როცა მასწავლებელი გვიხსნის, როგორ ფუნქციონირებს ადამიანის ორგანიზმი, ეჭვი არ მეპარება ღვთის არსებობაში. სხეულის თითოეულ ნაწილს, უმცირეს ნაწილსაც კი თავისი დანიშნულება აქვს და ხშირად ჩვენ ვერც კი ვხვდებით, ისე ასრულებს თავის ფუნქციას. ადამიანის სხეული, მართლაც რომ, წარმოუდგენლად რთულია“ (ტერეზა).

 «როდესაც მაღალ შენობას, დიდ გემს ან მანქანას ვხედავ, საკუთარ თავს ვეკითხები: „ვისი ნახელავია ეს?“ მაგალითად, მანქანა ბევრ პატარა ნაწილს შეიცავს, რომელთა ურთიერთშეთანხმებული მუშაობის შედეგად შესაძლებელია მისი ადგილიდან დაძვრა. მანქანის შექმნა მხოლოდ გონიერ ადამიანს შეუძლია. თუკი მანქანას ჰყავს შემქმნელი, მით უმეტეს ჩვენ, ადამიანებს» (რიჩარდი).

 „როდესაც ფიქრობ იმაზე, რომ სამყაროში ერთი პაწაწინა ნაწილის გამოკვლევას არაერთმა გონიერმა ადამიანმა ასობით წელი მოანდომა, იმის მტკიცება, რომ ამხელა სამყარო გონიერი პიროვნების გარეშე შეიქმნა, სრული აბსურდია“ (კარინა).

 „რაც უფრო მეტად ვიკვლევდი მეცნიერულ საკითხებს, მით უფრო ნაკლებად მჯეროდა ევოლუციის. მაგალითად, ხშირად ვფიქრობდი ბუნებაში არსებულ მათემატიკურ სიზუსტეზე, ადამიანის უნიკალურობაზე, რომელსაც უნდა იცოდეს, ვინ არის, საიდან მოდის და საით მიდის. ევოლუცია ყველაფერს ცხოველებს უკავშირებს და ვერანაირ ახსნას ვერ გვთავაზობს, თუ რატომ არის ადამიანი უნიკალური. ჩემი აზრით, ევოლუციის დაჯერება უფრო რთულია, ვიდრე ის, რომ იწამო შემოქმედი“ (ენტონი).

 როგორ ვუპასუხო?

 როგორ უნდა მოიქცე, თუ კლასელები იმის გამო დაგცინიან, რომ გწამს იმის, რასაც ვერ ხედავ? რას უპასუხებ, თუ გეტყვიან, რომ მეცნიერებამ „დაამტკიცა“ ევოლუციის თეორია?

 უპირველეს ყოვლისა დარწმუნებული იყავი იმაში, რისიც გწამს. ნუ შეგეშინდება და ნუ შეგრცხვება (რომაელები 1:16). გახსოვდეს:

  1.   შენ არ ხარ მარტო; შენსავით მრავალს სწამს ღმერთი. მათ შორის არიან განათლებული ადამიანები. მაგალითად, არსებობენ მეცნიერები, რომელთაც სწამთ ღმერთი.

  2.   როდესაც ადამიანები ამბობენ, რომ მათ არ სწამთ ღმერთი, ზოგჯერ ისინი გულისხმობენ, რომ მათ არ ესმით ღმერთის. ნაცვლად იმისა, რომ თავიანთი შეხედულების დასამტკიცებლად ფაქტები მოიყვანონ, სვამენ კითხვას: „თუ ღმერთი არსებობს, რატომ უშვებს ტანჯვას?“. ამგვარად ისინი ინტელექტუალურ საკითხს ემოციური კუთხით უდგებიან.

  3.   ადამიანები „სულიერს მოწყურებულნი“ არიან (მათე 5:3). ამაში შედის მოთხოვნილება იმისა, რომ გვწამდეს ღმერთი. ამიტომ, თუ ადამიანი ამბობს, რომ ღმერთი არ არსებობს, იმის პასუხისმგებლობა, რომ ახსნას, რატომ მივიდა ამ დასკვნამდე, თავად მას აკისრია და არა შენ (რომაელები 1:18—20).

  4.   ღვთის არსებობის დაჯერება გონივრულია. არსებობს არაერთი ფაქტი იმისა, რომ სიცოცხლე შეუძლებელია თავისით წარმოიქმნას. არავითარი მტკიცებულება არ არსებობს იმ აზრის მხარდასაჭერად, რომ სიცოცხლე გაჩნდა სრულიად შემთხვევით უსიცოცხლო მატერიისგან.

 რა შეგიძლია უპასუხო, თუ ვინმე ეჭვქვეშ აყენებს ღვთისადმი შენს რწმენას? განვიხილოთ რამდენიმე შესაძლო ვარიანტი.

 თუ ვინმე გეუბნება: „მხოლოდ გაუნათლებელ ადამიანებს სწამთ ღმერთი“.

 შეგიძლია უთხრა: „შენც ასე გგონია? მე ნამდვილად არ ვფიქრობ ასე. უფრო მეტიც, ცნობილი უნივერსიტეტების 1 600 მეცნიერ-პროფესორის გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა, რომ მესამედი თავს არ მიიჩნევს ათეისტად ან აგნოსტიკოსად. a შენი აზრით, გაუნათლებლები არიან ეს პროფესორები მხოლოდ იმის გამო, რომ ღმერთი სწამთ?“

 თუ ვინმე გეუბნება: „თუ ღმერთი არსებობს, რატომ ხდება ამდენი უბედურება მსოფლიოში?“

 შეგიძლია უთხრა: „ალბათ იმას გულისხმობ, რომ გიჭირს გაიგო, რატომ არაფერს არ აკეთებს ღმერთი [დაელოდე, გიპასუხოს]. მე მოვიძიე პასუხი კითხვაზე, თუ რატომ ხდება ამდენი უბედურება. მაგრამ ამის გასაგებად საჭიროა რამდენიმე ბიბლიური სწავლების გამოკვლევა. გაინტერესებს უფრო მეტის გაგება?“

 ამ სერიის მომდევნო სტატიაში განხილული იქნება, თუ რატომ ვერ ხსნის დამაჯერებლად ევოლუციის თეორია ჩვენს არსებობას.

a წყარო: Social Science Research Council, “Religion and Spirituality Among University Scientists,” by Elaine Howard Ecklund , 2007 წლის 5 თებერვალი.