არჩეულ მასალაზე გადასვლა

ახალგაზრდების შეკითხვები

რა სიკეთეს მომიტანს ბიბლიის კითხვა? — ნაწილი 1: გამოიკვლიე ბიბლია

რა სიკეთეს მომიტანს ბიბლიის კითხვა? — ნაწილი 1: გამოიკვლიე ბიბლია

 „ვცადე, წამეკითხა ბიბლია, მაგრამ მისმა მოცულობამ შემაშინა“ (15 წლის ბრიანა).

 შენთვისაც ნაცნობია ეს გრძნობა? თუ ასეა, ამ სტატიაში მოცემული რჩევები ნამდვილად წაგადგება.

 რატომ უნდა ვიკითხო ბიბლია?

 ხომ არ გეჩვენება, რომ ბიბლიის კითხვა მოსაწყენია? თუ ასეა, ამაში არაფერია უჩვეულო. შეიძლება ფიქრობ, რომ ბიბლიის კითხვასთან შედარებით ტელეგადაცემებისა და ვიდეოების ყურება უფრო საინტერესოა. ასე ალბათ იმიტომ ფიქრობ, რომ ბიბლია ათასზე მეტ გვერდს მოიცავს, წვრილი შრიფტით არის დაბეჭდილი და მასში არ არის ილუსტრაციები.

 წარმოიდგინე ასეთი სიტუაცია: შემთხვევით უძველეს სკივრს გადააწყდი. ნუთუ არ დაინტერესდები, რა არის შიგნით?

 შეიძლება ითქვას, რომ ბიბლია განძით სავსე სკივრია. ეს წიგნი, რომელიც ბრძნული რჩევებით არის სავსე, დაგეხმარება:

  •   სწორი გადაწყვეტილებები მიიღო

  •   მშობლებთან საერთო ენა გამონახო

  •   კარგი მეგობრები შეიძინო

  •   სტრესს გაუმკლავდე

 როგორ შეიძლება ეს უძველესი წიგნი დღესაც ასეთი პრაქტიკული იყოს? მიზეზი ისაა, რომ „მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული“ (2 ტიმოთე 3:16). აქედან გამომდინარე, ბიბლიური რჩევები ყველაზე სანდო წყაროსგან, ღვთისგან, მომდინარეობს.

ბიბლია განძით სავსე სკივრს ჰგავს, რომელიც სავსეა სულიერი მარგალიტებით

 როგორ გავხადო ბიბლიის კითხვა უფრო საინტერესო?

 თავიდან ბოლომდე წაიკითხე ბიბლია. ეს ზოგად წარმოდგენას შეგიქმნის ბიბლიის შინაარსზე. მისი წაკითხვა შეგიძლია სხვადასხვანაირად სცადო. მაგალითად:

  •    ბიბლიის 66 წიგნი იმ თანმიმდევრობით წაიკითხო, რომლითაც ბიბლიაშია მოცემული — დაბადებიდან გამოცხადების ჩათვლით.

  •    ბიბლია იმ ქრონოლოგიით წაიკითხო, რომლითაც მასში აღწერილი მოვლენები ვითარდება.

 რჩევა: იესოს დედამიწაზე ცხოვრების დროს მომხდარი ძირითადი მოვლენები ქრონოლოგიური თანმიმდევრობითაა მოცემული „ბიბლიის გზამკვლევის“ მე-4 დანართში.

 შეარჩიე ის ბიბლიური ეპიზოდები, რომლებიც შენს დღევანდელ მდგომარეობას უკავშირდება. მაგალითად:

  •   გსურს, შეიძინო სანდო მეგობრები? წაიკითხე დავითისა და იონათანის ისტორია (1 სამუელის 18—20 თავები). შემდეგ ჩამოტვირთე სამუშაო ფურცელი „როგორ ვიპოვოთ ნამდვილი მეგობრები?“, სადაც პრაქტიკული რჩევებია მოცემული.

  •   გსურს, ცდუნების დროს სიმტკიცე შეინარჩუნო? წაიკითხე იოსების შესახებ, რომელმაც ცდუნებას გაუძლო (დაბადების 39-ე თავი). შემდეგ ჩამოტვირთე სამუშაო ფურცელი „როგორ გავუძლოთ ცდუნებას?“ (იოსები — ნაწილი I), აგრეთვე სამუშაო ფურცელი „უსამართლობის მსხვერპლი იოსები“ (იოსები — ნაწილი II). ეს სამუშაო ფურცლები დაგეხმარება, ცდუნების დროს სიმტკიცე შეინარჩუნო.

  •   გსურს, გაიგო, როგორ დაგეხმარება ლოცვა? წაიკითხე ნეემიას ისტორია (ნეემიას მე-2 თავი). შემდეგ ჩამოტვირთე სამუშაო ფურცელი „ღმერთმა უპასუხა მის ლოცვას“, საიდანაც გაიგებ, რას გვასწავლის ნეემიას მაგალითი.

 რჩევა: ბიბლიის წასაკითხად მშვიდი გარემო შეარჩიე, რათა ყურადღება არაფერმა გაგიფანტოს.

 წინასწარ შეარჩიე რომელიმე ბიბლიური მონაკვეთი ან ფსალმუნი, წაიკითხე და შემდეგ საკუთარ თავს დაუკავშირე. კითხვის დროს დაფიქრდი:

  •    რატომ ჩაიწერა ეს მონაკვეთი ბიბლიაში?

  •    რას ვიგებ წაკითხულიდან იეჰოვას შესახებ?

  •    როგორ გამოვიყენო წაკითხული?

 რჩევა: მიზნად დაისახე,ბიბლია გეგმის მიხედვით წაიკითხო. შეარჩიე დღე, როცა კითხვას დაიწყებ.