არჩეულ მასალაზე გადასვლა

ახალგაზრდების შეკითხვები

როგორ მოვაგვარო ძილის პრობლემა?

როგორ მოვაგვარო ძილის პრობლემა?

 თუ ამჩნევ, რომ მათემატიკაში მოისუსტებ, შეიძლება იფიქრო, რომ მეტი მეცადინეობა გჭირდება. თუ სპორტში სასურველ შედეგებს ვერ აღწევ, შესაძლოა დაასკვნა, რომ მეტი ვარჯიში გჭირდება. თუმცა ორივე შემთხვევაში მიზეზი შესაძლოა არასაკმარისი ძილი იყოს. რატომ?

 რატომ გჭირდება გამოძინება?

 სპეციალისტები ამბობენ, რომ მოზარდების უმეტესობას ღამეში 8—10 საათი უნდა ეძინოს. რატომ არის მნიშვნელოვანი საკმარისი ძილი?

  •   ძილი აუმჯობესებს გონებრივ შესაძლებლობებს. ძილს „ტვინის მკვებავს“ უწოდებენ. საკმარისი ძილი დაგეხმარება, კარგად ისწავლო სკოლაში, აქტიური იყო სპორტში და ადვილად გადაჭრა პრობლემები.

  •   ძილი ამაღლებს განწყობას. მათ, ვისაც ძილი აკლია, ადვილად ეცვლება გუნება-განწყობილება, სევდა ან დეპრესია იპყრობთ და უჭირთ ადამიანებთან საერთო ენის გამონახვა.

  •   ძილი ეხმარება მძღოლს, მანქანა უსაფრთხოდ მართოს. შეერთებულ შტატებში ჩატარებულმა ერთ-ერთმა კვლევამ გამოავლინა, რომ „საჭესთან ჩაძინების გამო ორჯერ მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა ფიქსირდება 16-დან 24 წლამდე ასაკის მძღოლებში, ვიდრე 40-დან 59 წლამდე ასაკის მძღოლების შემთხვევაში.

  •   ძილი აუმჯობესებს ჯანმრთელობას. ძილი სხეულს ეხმარება, აღიდგინოს უჯრედები, ქსოვილები და სისხლძარღვები. კარგი ძილი ამცირებს ჭარბწონიანობის, დიაბეტისა და ტვინის ინსულტის რისკებს.

როგორც ტელეფონს სჭირდება დატენვა, ისევე გვჭირდება ჩვენც ძილი, რომ ფორმაში ვიყოთ

 რა გიშლის ხელს გამოძინებაში?

 მართალია, ძილი ძალიან სასარგებლოა, მაგრამ ფაქტია, რომ ბევრი ახალგაზრდა ძილის ნაკლებობას უჩივის. მაგალითად, 16 წლის ილანი ამბობს:

 „მასწავლებელმა გვკითხა, რომელ საათზე ვიძინებდით. უმეტესობამ თქვა, რომ ღამის ორ საათზე წვებოდა, ზოგმა თქვა — ხუთზეო. მხოლოდ ერთმა მოსწავლემ თქვა, რომ ათის ნახევარზე იძინებდა“.

 რამ შეიძლება შეგიშალოს ხელი, რომ კარგად გამოიძინო?

 მეგობრებთან ურთიერთობა. „ძალიან ადვილად შეიძლება გვიანობამდე შემორჩე მეგობრებთან და დრო უაზროდ გაფლანგო“ (პამელა).

 გადატვირთული გრაფიკი. „ძილი ძალიან მიყვარს, მაგრამ გადატვითული გრაფიკის ფონზე ძალიან რთულია კარგად გამოძინება“ (ანა).

 ტექნიკა. „ყველაზე ხშირად ტელეფონი მიშლის ხელს დაძინებაში. საწოლშიც კი ვერ ველევი ტელეფონს“ (ანისა).

 როგორ მოვაგვარო ძილის პრობლემა?

  •   შეამოწმე შენი დამოკიდებულება ძილთან დაკავშირებით. ბიბლიაში ნათქვამია: „ერთი მუჭა დასვენება სჯობია ორ მუჭა გარჯასა და ქარის დევნას“ (ეკლესიასტე 4:6). ძილი ორგანიზმის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი და მნიშვნელოვანი პირობაა. უძილობა არა მხოლოდ სამუშაოს ხარისხზე აისახება, არამედ გართობის ხარისხზეც.

  •   დაფიქრდი, რა გიშლის ყველაზე მეტად ხელს გამოძინებაში. გვიანობამდე ხომ არ რჩები მეგობრებთან? ხშირად საშინაო დავალებების ან სახლის საქმეების გამო ხომ არ იკლებ ძილს? ტელეფონზე ხომ არ ხარ მიჯაჭვული გვიანობამდე და ყოველი მესიჯის ხმაზე ხომ არ იღვიძებ?

 დაფიქრდი: ხელისშემშლელი ფაქტორების გადალახვა ადვილი არ არის, მაგრამ ძალისხმევა დაგიფასდება. იგავების 21:5-ში ვკითხულობთ: „მუყაითის გეგმები წარმატებულია, მოჩქარე კი სიდუხჭირეში იქნება“.

 რა თქმა უნდა, არ არსებობს უნივერსალური მეთოდი. ის, რაც ერთის შემთხვევაში ამართლებს, მეორის შემთხვევაში შეიძლება უშედეგო იყოს. მაგალითად, ზოგს ძალიან ეხმარება ცოტაოდენი წაძინება შუადღით, რომ ღამით უკეთ დაიძინოს. ზოგზე კი შუადღის ძილი საპირისპიროდ მოქმედებს. დააკვირდი, რა უფრო ამართლებს შენს შემთხვევაში. შესაძლოა დაგეხმაროს ქვემოთ მოცემული რჩევები:

  •   ეცადე, დაძინებამდე განიტვირთო. თუ ძილის წინ ცოტას დაისვენებ, დაძინება გაგიადვილდება.

     „კარგია, როცა სახლის საქმეებსა და დავალებებს ადრე ამთავრებ და ძილის წინ მათზე აღარ გიწევს ნერვიულობა“ (მარია).

  •   ისე დაგეგმე საქმეები, რომ ადრე დაიძინო. ნუ მისცემ გარემო ფაქტორებს შენი გაკონტროლების საშუალებას. ყველაფერი ისე დაგეგმე, რომ დროულად დაძინება შეძლო.

     „ყველაზე ცოტა რვა საათი მჭირდება გამოძინებისთვის. თუ ჩვეულებრივზე ადრე მიწევს ადგომა, წინა დღეს უფრო ადრე ვიძინებ“ (ვინსენტი).

  •   დაიცავი თვითდისციპლინა. თუ რეგულარული იქნები და ორგანიზმს ერთსა და იმავე დროს დაძინებას მიაჩვევ, ის შენი ბიოლოგიური საათი გახდება. ექსპერტები გვირჩევენ, რომ ერთსა და იმავე დროს დავწვეთ და ერთსა და იმავე დროს ავდგეთ. ეცადე ასე მოიქცე ერთი თვის განმავლობაში და ნახავ, რამდენად უკეთ იგრძნობ თავს.

     „თუ ყოველთვის ერთსა და იმავე დროს დაიძინებ, მომდევნო დღეს დასვენებული გონებით გაიღვიძებ. ეს დაგეხმარება, დღის განმავლობაში საქმეს კარგად გაართვა თავი“ (ჯარედი).

  •  ნუ გადაყვები გართობას. ბიბლია მოგვიწოდებს, ვიყოთ ზომიერნი, რაც ასევე გულისხმობს თავისუფალი დროის სწორად გამოყენებას (1 ტიმოთე 3:2, 11).

     „ვისწავლე, გამეკონტროლებინა, საღამოობით რამდენ დროს დავუთმობდი გართობას. თუ წინასწარ არ განსაზღვრავ გართობისთვის გამოყოფილ დროს, ამას აუცილებლად შეეწირება რაღაც უფრო ფასეული, ხშირ შემთხვევაში, ძილი“ (რებეკა).

  •   „დააძინე“ შენი მობილურიც. დაძინებამდე, ერთი საათით ადრე მაინც, ეცადე გაუძლო ცდუნებას და არ გამოიყენო ინტერნეტი და არ გაუგზავნო გვიან ღამით მესიჯები მეგობრებს. ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ ტელეფონის, პლანშეტის და ტელევიზორის გამოსხივება ხელს გვიშლის ჩაძინებაში.

     „სხვებს უნდათ, რომ 24 საათი ხელმისაწვდომი იყო. მაგრამ თუ გინდა, რომ სრულფასოვნად დაისვენო, ტელეფონი გვერდზე უნდა გადადო“ (ჯულისა).