არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ასი წლის წინ —1915

ასი წლის წინ —1915

„დადგა ჩვენი გამოცდის დრო“, — იუწყებოდა 1915 წლის 1 მარტის „საგუშაგო კოშკი“. „ნუთუ აქამდე მხოლოდ იმიტომ ვიყავით აქტიურები, რომ 1914 წელს გრანდიოზულ ცვლილებებს ველოდით? განა ამას ჩვენი უფლის, სამეფოს ცნობისა და საძმოსადმი სიყვარულისა და ერთგულების გამო არ ვაკეთებდით?!“. 1915 წელს ბიბლიის ზოგი მკვლევარი არასწორი მოლოდინის გამო იმედგაცრუებული დარჩა და გულგატეხილობას ებრძოდა, მაშინ, როცა მსოფლიო სულ სხვა სახის ბრძოლაში იყო ჩაბმული.

დიდმა ომმა, რომელსაც მოგვიანებით I მსოფლიო ომი ეწოდა, მთელი ევროპა მოიცვა. ახალმა საბრძოლო ტექნიკამ მთლიანად შეცვალა ომის სახე. მან უპრეცედენტო რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობა დააზარალა. მაგალითად, 1915 წელს გერმანიის წყალქვეშა ნავებმა დაიწყეს ბრიტანეთის წყლებში ცურვა. ამავე წლის 7 მაისს ერთმა ასეთმა ნავმა ჩაძირა ბრიტანული სამგზავრო გემი „ლუზიტანია“, რასაც 1 100-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

ნეიტრალიტეტის საკითხი

ბიბლიის მკვლევრებს გადაწყვეტილი ჰქონდათ, არ მიეღოთ ომში მონაწილეობა. მაგრამ მათ ბოლომდე არ ესმოდათ, რას ნიშნავდა ნამდვილი ქრისტიანული ნეიტრალიტეტი. მართალია, ისინი მოხალისეებად არ მიდიოდნენ, მაგრამ უწყების მიღების შემდეგ ზოგიერთი მაინც მიდიოდა ომში, ოღონდ ცდილობდა, უშუალოდ საომარ მოქმედებებში არ მიეღო მონაწილეობა. თუ მაინც აიძულებდნენ სანგრებში ჩასვლას, ზოგი ფიქრობდა, რომ არავის მოკლავდა და უბრალოდ ჰაერში ისროდა.

1915 წლის 15 ივლისის „საგუშაკო კოშკში“ მოთხრობილი იყო უნგრელი ჯარისკაცის შემთხვევა, რომელიც ჰოსპიტალში მკურნალობის დროს მოინათლა და გამოჯანმრთელების შემდეგ ისევ ბრძოლის ველზე დაბრუნდა. სტატია მოგვითხრობს, რა მოხდა შემდეგ: «ისინი [უნგრელი ჯარისკაცები] დაახლოებით 250 მეტრით იყვნენ მიახლოებულები რუსების ფრონტის ხაზს, როცა ბრძანება მიიღეს, ხიშტებით შეტევაზე გადასულიყვნენ. უნგრელი ძმა მარცხენა ფრთის ბოლოში იდგა. ის მხოლოდ თავდაცვაზე ფიქრობდა და ცდილობდა, რომ მოწინააღმდეგე რუსი ჯარისკაცისთვის ხიშტი ხელიდან გაეგდებინებინა. მან შენიშნა, რომ რუსი ჯარისკაციც იმავეს ცდილობდა . . . მოულოდნელად რუსმა ხიშტი ძირს დააგდო და ტირილი დაიწყო. ძმა დააკვირდა „მტერს“ და მის ქურთუკზე მიმაგრებული ჯვარ-გვირგვინის სიმბოლო შენიშნა. რუსი ჯარისკაციც ძმა ყოფილა უფალში!». *

1915 წლის 1 სექტემბრის „საგუშაგო კოშკში“ დაიბეჭდა სტატია სათაურით: „ქრისტიანული ვალდებულება და ომი“, რომელიც ქრისტიანულ ნეიტრალიტეტს ეხებოდა. სტატიაში ეწერა: „როცა ვინმე ჯარისკაცი ხდება და სამხედრო ფორმას იცვამს, უნდა შეასრულოს ყველა ბრძანება და ვალდებულება, რაც ჯარისკაცისგან მოითხოვება . . . განა შეძლებს ქრისტიანი ასეთ შემთხვევაში ქრისტიანული სახის შენარჩუნებას?“. დროთა განმავლობაში ნათელი გახდა, რომ ქრისტიანებს არანაირი სახით არ უნდა მიეღოთ მონაწილეობა ომში.

ცვლილებები მთავარ სამმართველოში

1915 წელს ნიუ-იორკის ბეთელის ოჯახის 70 წევრს შეატყობინეს, რომ უსახსრობის გამო მოუწევდათ ბეთელის დატოვება და მსახურების ველზე გაგრძელება. მათ უთხრეს: „არ გვინდა, რომ საერთო საქმე დაზარალდეს და არც ის გვინდა, რომ ვალები დაგვედოს, ამიტომ ყველანაირად ვცდილობთ, ხარჯები შევამციროთ“.

იმ 70-მა კაცმა, რომლებსაც ბეთელი უნდა დაეტოვებინათ, დაწერა წერილი, რომელსაც ხელი კლეიტონ ვუდვორთმა და სხვა ორმა ძმამ მოაწერა. ეს წერილი დაიბეჭდა 1915 წლის 1 მაისის „საგუშაგო კოშკში“. წერილში წერდნენ: „ჩვენ ბედნიერნი და მადლიერნი ვართ იმ მრავალი კურთხევისა და დიდი პატივისთვის, რაც წილად გვხვდა ბეთელში მსახურების დროს“.

ამ ცვლილებამ — რასთან შეგუებაც არც ისე ადვილი იყო — ძმების ერთგულება გამოსცადა. დარჩებოდნენ ისინი ღვთის ერთგულნი, თუ ძმებზე განაწყენდებოდნენ? ძმა ვუდვორთმა ერთგულად განაგრძო ქადაგება. მოგვიანებით, 1919 წელს, ის ბეთელში დაბრუნდა და ჟურნალ „ოქროს ხანის“ (დღევანდელი „გამოიღვიძეთ!“) პირველი რედაქტორი გახდა. ამ საქმეს ის 1946 წლამდე ასრულებდა.

მსახურების შესაძლებლობები

ამ მძიმე პერიოდში ჟურნალი „საგუშაგო კოშკი“ მოუწოდებდა ძმებს, არ შეეწყვიტათ ქადაგება. განსაკუთრებული ყურადღება მიექცა იმ ადამიანებს, ვინც ადრე ჭეშმარიტებისადმი ინტერესს ავლენდა. 1915 წლის 15 დეკემბრის „საგუშაგო კოშკში“ ეწერა: „ჩვენ გვაქვს იმ ხალხის სია, რომლებიც ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან ლიტერატურას იწერდნენ. ამიტომ გვინდა, მოვინახულოთ ეს ადამიანები და გავარკვიოთ, ხომ არ გაუნელდათ ინტერესი. ჩვენი მიზანია, მათში ღვთისა და ჭეშმარიტებისადმი ინტერესი კვლავ გავაღვივოთ“.

მაშინ, ისევე როგორც დღეს, ქრისტიანები მნიშვნელოვნად თვლიდნენ, მთელი ყურადღება სამეფოსკენ მიეპყროთ. „ჩვენ, ვინც დღეს სიფხიზლეს ვინარჩუნებთ, არ უნდა მოვდუნდეთ და მთელი ძალ-ღონე ღვთისმსახურებას უნდა მოვახმაროთ“, — აღნიშნული იყო 1915 წლის 15 თებერვლის „საგუშაგო კოშკში“. ღვთის მსახურებს სიფხიზლის შენარჩუნება მართებდათ. სტატია ასე გრძელდებოდა: „უნდა ვიფხიზლოთ. მაგრამ რისთვის? უპირველესად საკუთარი თავისთვის, რათა ქვეყნიერების დაგებულ მახეში არ გავებათ“.

1916 წლის წლიური მუხლი ეფუძნებოდა რომაელების 4:20-ს (მეფე ჯეიმზის თარგმანი) და მოუწოდებდა ძმებს, მტკიცედ მდგარიყვნენ რწმენაში. ეს მუხლი ერთგულებს მომავალი წლისთვის შეამზადებდა, რომელმაც ძმებს სხვა განსაცდელები დაატეხა თავს.

^ აბზ. 4 წლების განმავლობაში ბიბლიის მკვლევრები სამკერდე ნიშნად ჯვარ-გვირგვინის სიმბოლოს ატარებდნენ, რაც მათი ამოსაცნობი ნიშანი იყო. ეს სიმბოლო მრავალი წლის მანძილზე ჟურნალ „საგუშაგო კოშკის“ გარეკანზე იყო გამოსახული. 1930-იანი წლების დასაწყისში მოწმეებმა შეწყვიტეს ჯვარ-გვირგვინის სიმბოლოს გამოყენება.