არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

დომინიკელთა რესპუბლიკა

საჭიროა მეტი მქადაგებელი

საჭიროა მეტი მქადაგებელი

სასიხარულო ცნობა შორეულ რეგიონებამდე აღწევს

დროთა განმავლობაში ქვეყანაში კიდევ უფრო მეტი მისიონერი ჩავიდა, მათ შორის იყვნენ, პეტი პასკალი, ამოს და ბარბარა პარკერები და რიჩარდ და ბელვა სტოდარდები, რომლებიც მანამდე ბოლივიაში მსახურობდნენ, აგრეთვე ჯესი და ლინა კანტუელები კოლუმბიიდან. მისიონერებმა კიდევ უფრო მეტად შეუწყვეს ხელი სამქადაგებლო საქმიანობის წინსვლას. 1973 წლისთვის დომინიკელთა რესპუბლიკის დიდ თუ პატარა ქალაქებში აქტიურად მიმდინარეობდა ბიბლიის საგანმანათლებლო საქმიანობა, მაგრამ სასიხარულო ცნობას ჯერ არ ჩაეღწია შორეულ რეგიონებამდე. ამიტომ გადაწყდა, რომ შორეულ რეგიონებში მცხოვრები ხალხის სულიერ მოთხოვნილებებზეც ეზრუნათ. როდესაც მოხალისეები მიიწვიეს სოფლებში ორი თვით საქადაგოდ, მოწვევას 19 პიონერი გამოეხმაურა. 1973 წლის დეკემბრიდან 1977 წლის იანვრამდე ნაკლებად დამუშავებულ ან საერთოდ დაუმუშავებელ ტერიტორიებზე საქადაგებლად პიონერთა ჯგუფები იგზავნებოდა.

„ლიტერატურას ქათმებზე, კვერცხებსა და ხილზე ვცვლიდით“

ერთი პიონერი, რომელიც ამ განსაკუთრებული სახის მსახურებაში მონაწილეობდა, იხსენებს: „თუ მობინადრე შეთავაზების შემდეგ ლიტერატურას დაიტოვებდა და ინტერესს გამოავლენდა, მას მეორე დღესვე ვაკითხავდით. რადგან სოფელში ხალხს ფული არ ჰქონდა, ლიტერატურას ქათმებზე, კვერცხებსა და ხილზე ვცვლიდით. იეჰოვას წყალობით მშივრები არასოდეს ვყოფილვართ“. ბევრს მანამდე არასოდეს ჰქონდა მოსმენილი ბიბლიური ციტატები. იყო შემთხვევები, როდესაც რელიგიური ლიდერები ხალხს ეუბნებოდნენ, რომ იეჰოვა ეშმაკი იყო. ხალხი გაოცებული რჩებოდა, როდესაც საკუთარი თვალით კითხულობდა ფსალმუნის 83:18-ს: „შენ, რომლის სახელიც არის იეჰოვა, მხოლოდ შენა ხარ უზენაესი მთელ დედამიწაზე!“. ზოგან ინტერესი იმდენად დიდი იყო, რომ საჯარო შეხვედრები ეწყობოდა.

მეტი მისიონერი და ახალი ფილიალი

1979 წლის სექტემბერში დომინიკელთა რესპუბლიკაში მისიონერები აბიგაილ პერესი და მისი მეუღლე, ჯორჯინა ჩავიდნენ. მათ იქ სარაიონო მსახურება დაევალათ. 1987 წელს კი იქ გაგზავნეს „გალაადის“ კურსდამთავრებულები ტომ და შერლი დინები, რათა სამქადაგებლო საქმე კიდევ უფრო წინ წასულიყო. გარდა ამისა, ქვეყნისთვის დიდი კურთხევა აღმოჩნდა პუერტო-რიკოდან ჩასული უამრავი სპეციალური სრული დროით მსახური. 1988 წლის აგვისტოში დომინიკელთა რესპუბლიკაში რანერ და ჯენი ტომფსონები გაგზავნეს. ეს მათთვის მეხუთე ქვეყანა იყო, სადაც მისიონერებად იმსახურებდნენ.

1989 წლისთვის მაუწყებელთა საშუალო რაოდენობამ 11 081-ს მიაღწია და აშკარა იყო, რომ მომავალში მათი რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდებოდა, რადგან მაუწყებლები 20 494 ბიბლიის შესწავლას ატარებდნენ. ბუნებრივია, ასეთ სწრაფ ზრდას გარკვეული სირთულეები ახლდა თან. მაგალითად, არსებული ფილიალის შენობა თავის მიზანს კი ემსახურებოდა, მაგრამ 1980-იანი წლების ბოლოსთვის ის უკვე ძალიან პატარა იყო. ძმა რანერ ტომფსონი იხსენებს: „ფილიალი უკვე გადაჭედილი იყო, მოგვიწია ახალი საცხოვრებლების მოძებნა და ქალაქის სხვადასხვა ნაწილში საწყობების დაქირავება“.

ძმა რანერი განაგრძობს: „ახალი ფილიალისთვის შესაფერისი მიწის პოვნა რთული აღმოჩნდა. ერთხელაც დაგვიკავშირდა ერთი ბიზნესმენი, რომელმაც გაიგო, რომ მიწას ვეძებდით. მას კარგი მიწის ნაკვეთი ჰქონდა გასაყიდი და სურდა, რომ მხოლოდ მოწმეებისთვის მიეყიდა. ადრე მას დიდი სამკერვალო ფაბრიკა ჰქონია და მისი მდივანი და რამდენიმე თანამშრომელი იეჰოვას მოწმეები ყოფილან. წლების განმავლობაში ის ხედავდა, რომ მოწმეები უაღრესად პატიოსნები იყვნენ და კარგი საქციელით გამოირჩეოდნენ, რამაც მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ის იმდენად აფასებდა მოწმეებს, რომ მიწა საკმაოდ დაბალ ფასად მოგვყიდა“. ძმებმა ეს მიწის ნაკვეთი 1988 წლის დეკემბერში შეიძინეს, მოგვიანებით კი სამი მომიჯნავე ნაკვეთი შემოიერთეს. მთლიანობაში, ფილიალის შენობები და საკონგრესო დარბაზი დაახლოებით 9 ჰექტარზე განთავსდა.

ფილიალისა და საკონგრესო დარბაზის მშენებლობაზე ასობით ადგილობრივი და საერთაშორისო მოხალისე მსახურობდა. ამ შენობების მიძღვნა მოხდა 1996 წლის ნოემბერში, როდესაც ხელმძღვანელი საბჭოს წევრებმა, კერი ბარბერმა, თეოდორ იარაჩმა და გერიტ ლოშმა შაბათს მიძღვნის პროგრამაში მიიღეს მონაწილეობა. მომდევნო დღეს განსაკუთრებული შეხვედრები გაიმართა ორ უდიდეს სტადიონზე. იმ დღეებში ფილიალს 10 000-ზე მეტი სტუმარი ეწვია.

„მაკედონიაში ჩასვლა“

დომინიკელთა რესპუბლიკაში იეჰოვას მოწმეების ისტორიის თხრობას ისე ვერ დავასრულებდით, რომ არ მოგვეხსენიებინა ის უამრავი მოწმე, რომელიც იმ ქვეყანაში საქადაგოდ იმიტომ ჩავიდა, რომ მქადაგებლებზე დიდი საჭიროება იყო. მას შემდეგ, რაც გაიგეს, რომ დომინიკელთა რესპუბლიკა სულიერად უხვმოსავლიანი ტერიტორია იყო და ერთ მაუწყებელს შეეძლო უამრავი ბიბლიის შესწავლა ჰქონოდა, 1980-იანი წლების ბოლოსთვის მათ „მაკედონიაში გადასვლა“ დაიწყეს (საქ. 16:9). ეს მოხალისეები სხვებს უზიარებდნენ, თუ რა დიდი სიხარული მოჰქონდა მათთვის იმ მხარეში „მკაში“ მონაწილეობას. შედეგად, 1990-იან წლებში დომინიკელთა რესპუბლიკას უცხოელი და-ძმების დიდი ნაკადი მიაწყდა.

მაგალითად, დანიელი ცოლ-ქმარი, სტივენ და მირიამ ნორაგერები, დომინიკელთა რესპუბლიკაში 2001 წლიდან მსახურობენ. მანამდე მირიამი იქ წელიწად-ნახევარი თავის დასთან ერთად მსახურობდა. რამ აღძრა ეს ცოლ-ქმარი, ასე შორს გადახვეწილიყო და განსხვავებული კულტურისა და ენის მქონე ხალხთან ექადაგა? „ორივენი სულიერად ძლიერ ოჯახებში აღვიზარდეთ. ჩვენი მშობლები სპეციალურ პიონერებად მსახურობდნენ, ხოლო შვილების შეძენის შემდეგ პიონერებად განაგრძეს მსახურება. ისინი ყოველთვის მოგვიწოდებდნენ, რომ სრული დროით მსახურებით საუკეთესო გაგვეღო იეჰოვასთვის“, — გვიყვება მირიამი.

სტივენი და მირიამი 2006 წლიდან სპეციალურ პიონერებად მსახურობენ და ამ ხნის განმავლობაში ბევრს დაეხმარნენ ჭეშმარიტების გაგებაში. „იეჰოვა კურთხევებს არ გვაკლებს. უდიდეს სიხარულს გვანიჭებს ის, რომ ადამიანებს იეჰოვას გაცნობასა და მასთან დაახლოებაში ვეხმარებით. საოცარი შემთხვევები გვაქვს, რაც საერთოდ გვავიწყებს პრობლემებს, იქნება ეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული თუ სხვა. აქ მრავალი მოსიყვარულე მეგობარი შევიძინეთ. დომინიკელთა რესპუბლიკაში მსახურებამ თავმდაბლობა და მოთმინება გვასწავლა. უბრალო ცხოვრებამ კი იეჰოვასადმი რწმენა და ნდობა გაგვიძლიერა“.

ჯენიფერ ჯოი 20 წელზე მეტია, რაც იქ მსახურობს და ჟესტებისენოვან ტერიტორიაზე ქადაგებს

ჯენიფერ ჯოი ერთ-ერთია იმ უამრავი უცხოელი დაუქორწინებელი დიდან, რომლებიც დომინიკელთა რესპუბლიკაში ქადაგებენ. როდესაც, 1992 წელს, ჯენიფერი დეიდას, ედიტ უაითს, ესტუმრა, რომელიც დიდი ხნის მისიონერი იყო, მან საკუთარი თვალით დაინახა, თუ რა კარგად ეხმაურებოდა ამ ქვეყანაში ხალხი სასიხარულო ცნობას. მან ასევე გაიცნო სხვა დები, რომლებიც იქ დიდი საჭიროების გამო იყვნენ გადასულები. „ბუნებით მორცხვი ვიყავი და თავდაჯერებულობა მაკლდა, მაგრამ ჩემს თავს ვეუბნებობდი: თუ მათ შეძლეს, შენც შეძლებ“, — იხსენებს ჯენიფერი.

თავიდან ჯენიფერი ერთი წლით დარჩენას გეგმავდა, მაგრამ მას შემდეგ 20 წელზე მეტმა განვლო და ის კვლავ დომინიკელთა რესპუბლიკაში მსახურობს. იგი მრავალს დაეხმარა, იეჰოვას თაყვანისმცემელი გამხდარიყო. გარდა ამისა, ჯენიფერი ეხმარებოდა ძმებს ჟესტების ენაზე სამქადაგებლო ტერიტორიის ორგანიზებაში, აგრეთვე წვლილი შეიტანა ამ ენის შემსწავლელი კურსებისთვის სასწავლო პროგრამის შედგენაში.

„თუ ღმერთი აქამდე ზრუნავდა ჩემზე, რატომ უნდა დავეჭვდე, რომ ის მომავალ წელსაც იზრუნებს?“

რით ირჩენს ჯენიფერი თავს? „ყოველ წელს რამდენიმე თვით სამუშაოდ კანადაში ვბრუნდები ხოლმე. წლების განმავლობაში რა აღარ გამიკეთებია. მაგალითად, ფოტოატელიეში ვბეჭდავდი ფოტოებს, ვმუშაობდი ფოტოგრაფად, ვღებავდი სახლებს, ვალაგებდი ოფისებს, ვაწყობდი მანქანის ფარებს და ვამზადებდი ხალიჩებს. მიმუშავია აგრეთვე გიდად, ტურისტული სააგენტოს ოპერატორად, ინგლისურის მასწავლებლად და თარჯიმნად“. ჯენიფერი თავის ცხოვრებას უდაბნოში ისრაელების ცხოვრებას ადარებს. ის განაგრძობს: „ისინი ცოცხლობდნენ იეჰოვას პირიდან მომდინარე ყოველი სიტყვით. იეჰოვამ თქვა, რომ იზრუნებდა მათზე და შეასრულა კიდეც თავისი სიტყვა. მათ ყოველდღე ჰქონდათ საზრდო, არ გასცვეთიათ ტანსაცმელი და სანდლები (კან. 8:3, 4). იეჰოვა გვპირდება, რომ ჩვენზეც იზრუნებს (მათ. 6:33). თუ ღმერთი აქამდე ზრუნავდა ჩემზე, რატომ უნდა დავეჭვდე, რომ ის მომავალ წელსაც იზრუნებს?“.

დომინიკელთა რესპუბლიკაში 1 000-მდე თავდაუზოგავი მახარობელი ჩავიდა სხვადასხვა ქვეყნიდან, კერძოდ: ავსტრიიდან, ესპანეთიდან, იაპონიიდან, პოლონეთიდან, პუერტო-რიკოდან, რუსეთიდან, ტაივანიდან, შეერთებული შტატებიდან და შვედეთიდან. 30 ეროვნების ეს თავდაუზოგავი მქადაგებლები მსახურობდნენ კრებებში, რომლებიც ტარდებოდა შემდეგ ენებზე: ამერიკული ჟესტების, ესპანურ, ინგლისურ, იტალიურ, რუსულ, ჩინურ და ჰაიტის კრეოლზე. მოციქული პეტრეს მსგავსად ისინიც ამბობდნენ: „ჩვენ ყველაფერი დავტოვეთ და შენ გამოგყევით“ (მარ. 10:28).