არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

დომინიკელთა რესპუბლიკა

თავისუფლება, ხელახალი აკრძალვა

თავისუფლება, ხელახალი აკრძალვა

მოულოდნელი თავისუფლება

ძმა მანუელ იერესუელო, რომელიც დაკითხვის დროს მოკლეს

მთელი იმ წლების განმავლობაში, როდესაც ქვეყანაში აკრძალვა მოქმედებდა, ლენარტ და ვირჯინია ჯონსონები, როი და ხუანიტა ბრანტთებთან ერთად ერთგულად განაგრძობდნენ მისიონერულ მსახურებას. ლენარტი იხსენებს: „ერთხელ მე და როი დაკითხვაზე დაგვიბარეს. ტრუხილიოს მთავრობის წარმომადგენლებმა ჩვენამდე ძმა მანუელ იერესუელო დაკითხეს“. სამწუხაროდ, ძმა მანუელი დაკითხვის დროს მოკლეს. ის სიცოცხლის ბოლომდე ერთგული დარჩა. რა მოხდა ლენარტისა და როის შემთხვევაში? ლენარტი განაგრძობს: „მისვლისთანავე ცალ-ცალკე გაგვიყვანეს და დაგვკითხეს. აშკარა იყო, რომ ჩვენი საუბარი იწერებოდა. მაშინ მეტი არაფერი მომხდარა, მაგრამ ორი თვის შემდეგ გაზეთები იუწყებოდა, რომ ტრუხილიოს მთავრობამ გააუქმა იეჰოვას მოწმეების საქმიანობის აკრძალვის ბრძანება. ასე რომ, უკვე თავისუფლად შეგვეძლო, გაგვეგრძელებინა ჩვენი საქმიანობა“.

1950 წელს, აკრძალვამდე, დომინიკელთა რესპუბლიკაში 261 მაუწყებელი იღებდა მონაწილეობას სამქადაგებლო მსახურებაში, ხოლო 1956 წლის აგვისტოში, როდესაც აკრძალვა მოიხსნა, სასიხარულო ცნობას 522 მაუწყებელი ქადაგებდა. ექვსწლიანი შეზღუდვების, დაპატიმრებებისა და გამუდმებული თვალთვალის შემდეგ, ძმები ძალიან გაამხნევა იმის გაგებამ, რომ ახლა თავისუფლად შეეძლოთ ქადაგება.

როგორ შეხვდა იეჰოვას ხალხი მდგომარეობის ასეთ შემობრუნებას? ისინი დაუყოვნებლივ შეუდგნენ თავიანთი საქმიანობის რეორგანიზებას. მათ დაიწყეს ადგილების ძებნა, სადაც შეხვედრებს ჩაატარებდნენ, ხელახლა შეადგინეს ტერიტორიის რუკები და კრების კარტოთეკა. ძმებს ძალიან ახარებდა ლიტერატურის მიღება. თავისუფლად ქადაგების საშუალებას ისინი მთელი გულმოდგინებით იყენებდნენ. შედეგად, სულ რაღაც სამ თვეში, 1956 წლის ნოემბრისთვის მაუწყებელთა რიცხვი 612-მდე გაიზარდა.

სამღვდელოების სიძულვილის კამპანია

ტოლედანოს მემორანდუმი, სადაც ის მთავრობას ურჩევს, ქვეყანაში ლიტერატურის შეტანა აკრძალოს

აკრძალვის მოხსნიდან მალევე კათოლიკურმა სამღვდელოებამ დაიწყო მოწმეების წინააღმდეგ მზაკვრული გეგმის შემუშავება. ტრუხილიოს მიერ ხელმოწერილი კონკორდატის მოშველიებით სამღვდელოება ცდილობდა, ზეგავლენა მოეხდინა მთავრობაზე, რათა ქვეყნიდან ამოეძირკვათ მოწმეების სახსენებელი. კათოლიკე მღვდელმა ოსკარ რობლეს ტოლედანომ მემორანდუმი გაუგზავნა შინაგან საქმეთა მინისტრს, ვირჯილიო ალვარეს პინიას, სადაც ხელისუფლებას დახმარებას სთხოვდა „დომინიკელი ხალხის გამოფხიზლებაში, რათა მათ დაენახათ, თუ რამხელა საფრთხეს წარმოადგენდა იეჰოვას მოწმეების სექტა“.

მემორანდუმში ტოლედანო ხსნიდა, რომ მისი უმთავრესი მიზანი იყო „შეეჩერებინა იეჰოვას მოწმეების მიერ ხალხის გადაბირების კამპანია“. ის მთავრობას იმასაც ურჩევდა, რომ ქვეყანაში არ დაეშვა ჩვენი ლიტერატურა, განსაკუთრებით ჟურნალი „საგუშაგო კოშკი“ და წიგნი „ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ“.

ხელახალი აკრძალვა

რელიგიური ლიდერები და ტრუხილიოს მთავრობის ზოგიერთი წარმომადგენელი ერთობლივად გეგმავდნენ მოწმეებზე იერიშის მიტანას. 1957 წლის ივნისში დომინიკელთა პარტიის ლიდერმა, ფრანცისკო პრათს-რამირესმა, ტრუხილიოს შემდეგი შინაარსის მემორანდუმი გაუგზავნა: „იეჰოვას მოწმეების მავნებლურ და ანტიპატრიოტულ ქმედებებთან საბრძოლველად არაერთი მიტინგის გამართვას ვაპირებ“.

ამ ცილისმწამებლურ კამპანიას მალევე მოჰყვა გამოხმაურება. ერთ წიგნში, რომელიც ტრუხილიოს მმართველობის პერიოდს აღწერს, ვკითხულობთ: «1957 წლის ზაფხულში დომინიკურ პრესაში დაიბეჭდა მთავრობის წარმომადგენლების მთელი რიგი ბრალდებები, სადაც იეჰოვას მოწმეებს „სახელმწიფოს წინააღმდეგ წამქეზებლურ და საზიანო საქმიანობაში სდებდნენ ბრალს“. ამას ისიც დაემატა, რომ ტრუხილიოს რადიოში „ლა-ვოს დომინიკანა“ (დომინიკის ხმა) საუბრისას, იეზუიტმა მღვდელმა, მარიანო ვასკეს სანსმა, იეჰოვას მოწმეები კომუნისტებთან კავშირში დაადანაშაულა და მათ უზნეო, ცბიერი, ბოროტმოქმედი და მოღალატე ხალხი უწოდა. ამის შემდეგ, სამღვდელოებამ გამოაქვეყნა წერილი, რომელსაც ხელს აწერდნენ არქიეპისკოპოსები რიკარდო პიტინი და ოქტავიო ანტონიო ბერასი. ისინი მღვდლებს მოუწოდებდნენ, დაეცვათ თავიანთი მრევლი ამ „საშინელი ერესისგან“» (Trujillo—Little Caesar of the Caribbean).

მთავრობისა და სამღვდელოების ერთობლივმა ძალისხმევამ თავისი შედეგი გამოიღო. ივლისში დომინიკელთა რესპუბლიკის კონგრესმა, იეჰოვას მოწმეების საქმიანობის აკრძალვის შესახებ, კანონი მიიღო. მალევე ჩვენი ძმები გახდნენ ფიზიკური შეურაცხყოფისა და პოლიციის მხრიდან სასტიკი მოპყრობის მსხვერპლნი. მთლიანობაში 150-მდე ძმა დააპატიმრეს.