არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

დომინიკელთა რესპუბლიკა

„სამეფოს იმედი ჩემთვის ოცნება არ არის“

ეფრაინ დე ლა კრუსი

„სამეფოს იმედი ჩემთვის ოცნება არ არის“
  • დაიბადა: 1918 წ.

  • მოინათლა: 1949 წ.

  • მოკლე ბიოგრაფიული ცნობები: მიუხედავად იმისა, რომ შვიდ სხვადასხვა ციხეში მოუწია სასჯელის მოხდა და არაერთხელ სცემეს სასტიკად, ის არ შეშინებულა და არ შეუწყვეტია სასიხარულო ცნობის ქადაგება.

იეჰოვას მოწმეების შეხვედრებზე დასწრება ჩემს მეუღლე პაულასთან და ქალიშვილთან ერთად ქალაქ ბლანკო-არიბაში 1948 წელს დავიწყე. იქამდე მისასვლელად და უკან დასაბრუნებლად 40 კმ-ს გავდიოდით, მაგრამ არც ერთი შეხვედრა არ გაგვიცდენია. 1949 წლის 3 იანვარს მე და პაულა მოვინათლეთ.

ექვსი თვის შემდეგ ჩვენი კრებიდან რამდენიმე დაგვაპატიმრეს და სამთვიანი პატიმრობა მოგვისაჯეს. იატაკზე გვეძინა, საჭმელი დღეში მხოლოდ ერთხელ მოჰქონდათ, ისიც მარტო მკვახე ბანანი და ჩაი. ციხიდან რომ გვიშვებდნენ, დაგვაშინეს და გაგვაფრთხილეს, აღარ გვექადაგა. მაგრამ სახლში რომ დავბრუნდით, მალულად მაინც დავდიოდით კრების შეხვედრებზე და მსახურებაში. ვინაიდან მთავრობა გამუდმებით გვითვალთვალებდა, შეხვედრებს ვატარებდით სახლებში, ყავის პლანტაციებსა და ფერმებში. ერთი და იმავე ადგილას არასოდეს ვიკრიბებოდით; ყოველი შეხვედრის ბოლოს ვაცხადებდით შემდეგი შეხვედრის ჩატარების ადგილს. საქადაგოდ თითო-თითო დავდიოდით, ოფიციალურ ტანსაცმელს არ ვიცვამდით და არც ბიბლიასა და ლიტერატურას ვატარებდით. ყველაფრის მიუხედავად, 1949—1959 წლებში შვიდ ციხეში მომიწია ჯდომა, ყოველ დაჭერაზე სასჯელი სამიდან ექვს თვემდე მერყეობდა.

ძალიან ფრთხილად უნდა ვყოფილიყავი, რადგან ჩემს მდევნელებს შორის ზოგი ჩემი ნათესავიც იყო. ხან მთებს ვაფარებდი თავს, ხან — ფერმას, მაგრამ ზოგჯერ მაინც მიჭერდნენ. ერთხელ სიუდად-ტრუხილიოში, „ლა-ვიქტორიას“ ციხეში გადამაგზავნეს, სადაც ერთ საკანში 50—60 პატიმარი იჯდა. იქ ორჯერ გვაჭმევდნენ, დილით სიმინდის ფაფას, შუადღისას — ბრინჯს ლობიოსთან ერთად. ციხეში ყველა იეჰოვას მოწმე ვქადაგებდით პატიმრებთან და რეგულარულად ვატარებდით კრების შეხვედრებს — ვიხსენებდით ბიბლიურ მუხლებს და ვყვებოდით მსახურების შემთხვევებს.

ბოლო პატიმრობისას ერთმა ჯარისკაცმა სასტიკად მცემა და კონდახი მირტყა თავსა და ნეკნებში. მართალია, იმ დროინდელი ტრავმები დღემდე მახსენებს თავს, მაგრამ დევნებმა გამომაწრთო, გამიძლიერა რწმენა და იმის გადაწყვეტილება, რომ ბოლომდე ვემსახურო იეჰოვას.

ახლა 96 წლის ვარ და კრებაში მომსახურედ ვმსახურობ. ბევრი სიარული აღარ შემიძლია, ამიტომ ჩემი სახლის წინ ვჯდები ხოლმე და გამვლელებს ვუქადაგებ. სამეფოს იმედი ჩემთვის ოცნება არ არის. ეს რეალობაა. 60 წელზე მეტია ამ სამეფოზე ვქადაგებ. ახალი ქვეყნიერება დღეს ჩემთვის ისეთივე რეალურია, როგორც მაშინ, როცა მის შესახებ პირველად გავიგე. *

^ აბზ. 3 სანამ ეს სტატია მზადდებოდა, ძმა ეფრაინ დე ლა კრუსი გარდაიცვალა.