არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

დომინიკელთა რესპუბლიკა

ვინ არის თავი?

ვინ არის თავი?

„მათი საძმო უთავოდ დავტოვოთ“

1957 წლის 13 ივლისს პოლიციის ინსპექტორმა, კოლონმა, სახელმწიფო მდივანს შემდეგი შინაარსის წერილი მისწერა: „ნათქვამია, გველს თავი უნდა გაუჭეჭყოო. იეჰოვას მოწმეების სექტის აღმოსაფხვრელად უმნიშვნელოვანესია, რომ ქვეყნიდან მათი მისიონერები გავდევნოთ და მათი საძმო უთავოდ დავტოვოთ. მეთაურის გარეშე გეგმები ჩაეშლებათ“.

ამ წერილის მიღებიდან მალე უშიშროების სამსახურის უფროსმა არტურო ესპაილატმა ბრძანება გასცა დარჩენილი ათი მისიონერის ქვეყნიდან გაძევების შესახებ. 21 ივლისს როი ბრანტთი ტრუხილიოსადმი მიწერილ წერილში მასთან შეხვედრას ითხოვდა. წერილში აგრეთვე ეწერა: „სიძულვილის კამპანია, რასაც ამ ქვეყანაში გარკვეული პირები ეწევიან იეჰოვა ღმერთის სახელის წინააღმდეგ, მსგავსია იმ შემთხვევისა, როდესაც [პირველ საუკუნეში] შეცდომაში შეყვანილმა ადამიანებმა იესოს მოციქულების წინააღმდეგ გაილაშქრეს“. შემდეგ ძმა ბრანტთმა ტრუხილიოს მოუწოდა, წაეკითხა საქმეების 2—6 თავები და აღნიშნა, რომ „ის ბრძნული და ნათელი რჩევა, რომელიც იმ დროს კანონის მასწავლებელმა გამალიელმა დამსწრე საზოგადოებას მისცა, დღესაც საყურადღებოა“. ძმა ბრანტთმა ციტირება გააკეთა საქმეების 5:38, 39-დან და დიდი ასოებით დაწერა: „თავი დაანებეთ ამ კაცებს, რადგან თუ საქმე, რომელსაც ისინი აკეთებენ, ღვთისგანაა, არ ჩაიშლება და ადრე თუ გვიან მიხვდებით, რომ ღვთის წინააღმდეგ იბრძოდით“. მაგრამ მის წერილს ყური არავინ ათხოვა. იმავე წლის 3 აგვისტოს მისიონერები აეროპორტში მიიყვანეს და ქვეყნიდან გააძევეს.

კრების თავი იესოა

დონალდ ნოელსი 20 წლის ასაკში ფილიალს ხელმძღვანელობდა

რა დაემართებოდა ადგილობრივ ძმებს მისიონერების გარეშე? მართლა უთავოდ დარჩებოდნენ, როგორც ამას პოლიციის ინსპექტორი ამბობდა? არა, რადგან იესოა „სხეულის, კრების თავი“ (კოლ. 1:18). ასე რომ, იეჰოვას ხალხი დომინიკელთა რესპუბლიკაში უთავოდ არ დარჩენილა. პირიქით, იეჰოვას და მის ორგანიზაციას მათთვის ზრუნვა არ მოუკლია.

დონალდ ნოელსი, რომელიც მისიონერების განდევნის შემდეგ ფილიალის ზედამხედველად დაინიშნა, სულ რაღაც 20 წლის იყო, თანაც ოთხი წლის მონათლული. მართალია, მანამდე რამდენიმე თვე სარაიონო ზედამხედველად მსახურობდა, მაგრამ ბეთელში მსახურება მისთვის სრულიად უცხო რამ იყო. ძმა ნოელსი გვალაში, სიუდად-ტრუხილიოს ერთ-ერთ საშიშ უბანში, ცინკით გადახურულ ხის სახლში ცხოვრობდა, რომელსაც მიწის იატაკი ჰქონდა. მან იქ პატარა, მოკრძალებული ოფისი მოაწყო. ფელიქს მარტეს დახმარებით ის „საგუშაგო კოშკის“ ასლებს აკეთებდა მთელი ქვეყნისთვის.

მიმეოგრაფით დამზადებული 1958 წლის „საგუშაგო კოშკი“

ძმა დონალდ ნოელსს დიდ დახმარებას უწევდა მერი გლასსი, რომლის ქმარიც, ენრიკე, დაპატიმრებული იყო. ის იხსენებს: «სამუშაოს საღამოს 5 საათზე ვამთავრებდი და ძმა ნოელსის ოფისში მივდიოდი „საგუშაგო კოშკის“ დასაბეჭდად. შემდეგ ძმა ნოელსი მიმეოგრაფის მეშვეობით ასლებს აკეთებდა. ამის მერე სანტიაგოელი და, რომლის კოდური სახელიც „ანგელოზი“ იყო, ასლებს დაახლოებით 23-ლიტრიან ზეთის ცარიელ ქილაში დებდა, ზემოდან ნაჭერს აფენდა და შემდეგ მანიჰოტს, კარტოფილს ან ტაროს აყრიდა. ბოლოს კი, ტილოს ტომარას აფარებდა. შემდეგ ის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მიჰქონდა ჩრდილოეთით და ყველა კრებაში ჟურნალის თითო ეგზემპლარს ტოვებდა. ოჯახებს მონაცვლეობით მიჰქონდათ ის, რათა მთელ ოჯახს ერთად წაეკითხა და შეესწავლა».

«დიდი სიფრთხილე გვმართებდა, — დასძენს მერი. — ქუჩები სავსე იყო მთავრობის აგენტებით, რომლებსაც სურდათ, გაეგოთ, სად იბეჭდებოდა „საგუშაგო კოშკი“, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. იეჰოვა ყოველთვის გვიცავდა».